საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფიფა/კოკა-კოლას აპრილის თვის რეიტინგში 68-ე ადგილზეა. მარტის თვესთან შედარებით ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილების პოზიცია არ შეცვლილა.
რეიტინგის სათავეში ისევ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა. მეორე ადგილზე ესპანეთმა გადაინაცვლა, ხოლო საფრანგეთი მესამე პოზიციაზე დაქვეითდა.
ევროპის და ერთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ესპანეთის გარდა, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში ჩვენ დანარჩენ მეტოქეებს რაც შეეხება, თურქეთი 27-ეა, ბულგარეთი კი – 85-ე.
საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევის პირველ შეხვედრას 4 სექტემბერს შინ თურქეთთან ჩაატარებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, 14 ოქტომბერს კი – თურქეთს. 15 ნოემბერს ვილი სანიოლის გაწვრთნილები ესპანელებს მიიღებენ, შესარჩევს კი 18 ნოემბერს ბულგარეთთან საშინაო თამაშით დაასრულებენ.
ლაშა თაბაგარი




