პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 27-ე ტურში „ფამალიკაომ“, რომელშიც ოთარ მამაგეიშვილი გამოდის შინ 4:1 დაამარცხა „ავეში“, სადაც გიორგი აბურჯანია გამოდის.
მასპინძლების განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი ისევ ვერ მოხვდა, ხოლო სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილმა შუახაზელმა გიორგი აბურჯანიამ 73-ე წუთიდან ითამაშა. „ფამალიკაო“ 37 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მერვეა, ხოლო „ავეში“ 23 ქულით – მე-15.
„სალერნიტანა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის იტალიის სერია B-ს 31 ტურში შინ „პალერმოსთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. სტუმრებიდამ 27-ე წუთზე ანგარიში ბრუნორიმ გახსნა, ხოლო მე-40 წუთზე პოჰაინპალომ მასპინძლების კარი მეორედ აიღო. სალერნოელებიდან ერთადერთი გოლი მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ამატუჩიმ გაიტანა. „სალერნიტანა“ 30 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




