„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში დასარჩენად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. 29-ე ტურში ვალენსიელებმა შინ „მალიორკასთან“ მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო და საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა ტრადიციულად თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე „ვალენსიას“ შეტევავა დიეგო ლოპესმა მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:0. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა, ხოლო მამარდაშვილმა მატჩის მსვლელობისას ერთხელ საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია. მან მიმდინარე სეზონში გოლი მე-6 მატჩში არ გაუშვა.
„ვალენსიას“ ზედიზედ 4 მატჩია არ წაუგია (2 გამარჯვება და 2 ფრე) – 31 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




