გრაცის „შტურმმა“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის პირველ ტურში სტუმრად „ვოლფსბერგთან“ 1:1 ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან მე-3 წუთზე ანგარიში პინკმა გახსნა, ხოლო სტუმრებიდან 72-ე წუთზე საპასუხო ბურთი ჰორვატმა გაიტანა. „ვოლფსბერგის“ თადარიგში ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი იყო, რომელსაც არ უთამაშია. გუნდში მწვრთნელის შეცვლის შემდეგ მას სათამაშო პრაქტიკა შეუმცირდა და მიმდინარე სეზონში 14-ჯერ ითამაშა (8-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში). „შტურმმა“ ბუნდესლიგაში ლიდერობა დაკარგა და 24 ქულით მეორე ადგილზეა – ლიდერ ვენის „აუსტრიას“ 2 ქულით ჩამორჩება.
აზერბაიჯანის პრემიერლიგის 28-ე ტურში „ზირემ“ „შამახი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. მასპინძლებში ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა და თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშეს. ვოლკოვმა „მაკრატელაც“ გაიტანა, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს, რადგან მანამდე რაფაელ უციგის დარტყმული ბურთი მეკარემ მაშინ მოიგერია, როდესაც ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა. თუმცა, მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ვოლკოვმა საგოლე პასი მიითვალა. ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატში ჩატარებულ 27 მატჩში 9 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი გააკეთა. „ზირე“ 55 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




