ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში ბედნიერი, რადგან პატივს სცემენ და კარგად ექცევიან. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგაში ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” სომხეთთან გასამართ საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხვიჩა კვარაცხელია: “პსჟ-ში ბედნიერი ვარ, როგორც საქართველოს ნაკრებში. სადაც პატივს გცემენ და კარგად გექცევიან, იქ აუცილებლად ბედნიერი ხარ და ცდილობ, რომ საუკეთესო გააკეთო.
მხითარიანთან კონტაქტი არ მქონია, მაგრამ შორიდან ვიცოდი, რომ სომხეთის ნაკრები ვითარდებოდა. ჩემი აზრით, ეს ნაკრები წინ მიდის და იმედი მაქვს, რომ მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და მეტი შესაძლებლობა ექნება.
“დინამო არენაზე“ თამაში ძალიან მოგვენატრა, იმ ისტორიული მატჩის შემდეგ ამ სტადიონზე არ გვითამაშია და ერთი სული გვაქვს, როდის გავალთ ხვალ მოედანზე. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვბრუნდებით, გვიხარია, რადგან ეს სტადიონი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, ბევრი ემოცია გადაგვხდა თავს და თითოეული ფეხბურთელისთვის სასიხარულოა აქ თამაში.
პსჟ-მ ბევრი რამ მომცა: როგორც უკვე ვთქვი, ბედნიერი ვარ, ძალიან დიდ პატივს მცემენ და ეს ყველაფერი მეხმარება, რომ უფრო მეტი ვიშრომო, უფრო კონცენტრირებული ვიყო ფეხბურთზე. ძალიან დიდი გამოცდილებაა ასეთ ფეხბურთელებთან თამაში, ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობ ისეთი მწვრთნელისგან, როგორიც ლუის ენრიკეა. გუნდშიც ისეთი კარგი გარემოა, რომ რთულია თავი სხვანაირად იგრძნო. ეს ძალიან მეხმარება, რომ ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. ყველაფერი, რასაც ვხედავ, რასაც ვსწავლობ, ვცდილობ ჩემს თავს და ნაკრებს მოვახმარო.
ბიჭებმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს, არ არის მარტივი იქ 3:0 მოიგო. ძალიან კარგი თამაში იყო. რაც შეეხება მიქაუტაძეს, ვეხუმრე, ცოტა „ვეჩხუბე“, რატომ გამასწარი-მეთქი (ნაკრებში გოლებით – რედ), რეალობაში ჩვენ ძმებივით ვართ, ვცდილობთ, ნაკრებს დავეხმაროთ, გოლები გავიტანოთ. ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, იმედია, ასე გაგრძელდება, რაც მეტ გოლს გავიტანთ ერთად, ეს საქართველოს ნაკრებისთვის უკეთესი იქნება.
ჩემს ძმას რაც შეეხება, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. მას აქვს თვისებები, რომ გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. ამისთვის დიდი გზა აქვს გასავლელი, ბევრი ექნება საშრომი, ეს ყველაფერი კარგად იცის. მონდომებულია, შეიძლება ერთხელაც ერთად ვითამაშოთ, მაგრამ ეს მასზე იქნება დამოკიდებული, ფეხბურთის თამაში მარტივი ნამდვილად არაა, ბევრ დაბრკოლებას ხვდები და ამ ბარიერებს თუ გადალახავს, აუცილებლად ითამაშებს. მთავარია, გააგრძელოს შრომა და ჰქონდეს მიზანი, ოცნებები, რომ ეს ყველაფერი აიხდინოს.
პირველ ყოვლისა, მეც მადლობას ვეტყვი იტალიას, სადაც ძალიან კარგი 3 წელი გავატარე. ჩემი აზრით, ძალიან კარგად მიდის სიტუაცია, ყველა ბავშვს უნდა, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს, რაც ძალიან წაგვადგება, რადგან ბევრი ტალანტი გამოჩნდება, ბავშვები, რომლებსაც უნდათ ფეხბურთის თამაში და ამისთვის იშრომებენ. საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ტოპლიგებში თამაშობს, თავის გუნდებში ლიდერები არიან, რაც მნიშვნელოვანია და ძალიან გვეხმარება. ვფიქრობ, გვაქვს ნიჭი, ოდითგანვე გვყავდა ლეგენდარული ფეხბურთელები და მომავალშიც გვეყოლება.
საქართველო-სომხეთის დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და წყვილში გამარჯვებული B ლიგაში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული – C ლიგაში. ჩვენმა გუნდმა პირველი თამაში ერევანში 3:0 მოიგო.
ლაშა თაბაგარი





