ვილი სანიოლი: “აშკარა ფავორიტები ვართ, მაგრამ მოგება გვინდა”

0
17

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებით, ერევანში 3:0 გაამრჯვების მიუხედავად, საქმის ბოლომდე მიყვანა და თბილისში გამარჯვება აუცილებელია. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფში  ბორის პაიაჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ხვალ გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიაც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “„ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ხვალ არ ითამაშებს, რადგან მაქსიმალურად მივცემთ გამოჯანმრთელების საშუალებას. რაც შეეხება ტაქტიკურ ცვლილებებს, ნაკლებად მოსალოდნელია, ისე ვაპირებთ მომავალში თამაშს, როგორც სომხეთთან. გურამ კაშია გვიბრუნდება, რომელიც პროფესიონალია და ტაქტიკასთან მორგება არ გაუჭირდება.
გუნდში მოტივაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, სხვა ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, მათ იციან, რომ გუნდში მაღალი კონკურენციაა და თუ ისინი კარგად არ ითამაშებენ და მაქსიმალურად არ დაიხარჯებიან, მომავალში მათი შანსები შემცირდება. ძალიან ბევრ პოზიციაზე არაერთი ძლიერი ფეხბურთელი მყავს და საერთოდ არ მეპარება ეჭვი მათ მოტივაციაში.
მეკარის პოზიციის მართვა მაინც ცოტა განსხვავდება დანარჩენი პოზიციებისგან, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ხვალ ისევ მამარდაშვილი ითამაშებს, ხოლო შემდეგ უკვე მას ცოტა ხანგრძლივი პაუზის შესაძლებლობას მივცემთ და ივნისის ამხანაგურ მატჩებში გუგეშაშვილს მიეცემა შანსი.
ლუკა ლაცაბიძე საინტერესო, ნიჭიერი ბიჭია, რომლის კარიერა ახლახან დაიწყო. მინდოდა, რომ მისი შესაძლებლობები ახლოდან მენახა, ის ძალიან თავშეკავებული ბიჭია, ბევრს მისმენს, ბევრს სწავლობს და ხვალ თუ არა, მომავალში აუცილებლად იქნება ჩვენი გუნდის ნაწილი. აქვე მინდა, ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 3:0 მოვიგეთ და აშკარა ფავორიტები ვართ, ხვალ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური მატჩია, რომლის მოგებაც გვინდა. ამიტომ, შემადგენლობა სრულად არ შეიცვლება და მოედანზე აუცილებლად ძლიერი გუნდი გავა.
გუნდში იდეალური გარემოა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატებაში, ეს დაეტყო, როგორც გუნდს, ისე ინდივიდუალურად ფეხბურთელებს, გამოვყოფდი ირაკლი აზაროვს, რომელსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდა წარსულში, საბა გოგლიჩიძემაც ძალიან კარგად ითამაშა, ორივეს გამოვყოფ და ორივეს იმედი მაქვს სამომავლოდ.
ჩემთვის პსჟ-ში ხვიჩას წასვლით ბევრი რამ შეიცვალა, საუკეთესო ამბავი ისაა, რომ ახლა შემიძლია პსჟ-ს თამაშებს უფასოდ დავესწრო.
იტალია განსაკუთრებული ადგილია ფეხბურთელისთვის და ძალიან მიხარია, რომ ხვიჩამ ამ ჩემპიონატში თავისი კვალი დატოვა. ასევე, ძალიან მიხარია, რომ სხვა ქართველი ფეხბურთელებიც თამაშობენ იტალიაში და მოხარული ვიქნები თუ ეს მომავალშიც გაგრძელდება“.
საქართველო-სომხეთის დაპირისპირება 18:00 საათზე დაიწყება და წყვილში გამარჯვებული B ლიგაში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული – C ლიგაში.
ლაშა თაბაგარი