ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშების 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში ნიდერლანდებმა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გაუშვა. ეს წყვილი ჩვენთვის საინტერესო იმითაა, რომ მასში გამარჯვებული მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში საქართველოს მეტოქე იქნება თურქეთთან და ბულგარეთთან ერთად.
შეხვედრის მე-9 წუთზე ნიდერლანდელთა მცველმა ჰატო თავის ნახევარზე ლამინ იამალთან ორთაბრძოლის დროს ბურთი დაკარგა, ხოლო პედრის გადაცემის შემდეგ, ნიკო ვილიამსმა საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა – 0:1.
28-ე წუთზე ესპანელებმა დაცვაში ცუდად ითამაშეს და ჯასტინ კლუვერტმა საჯარიმოში კოდი გაკპო მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
41-ე წუთზე ესპანელთა მცველმა პაუ კუბარსიმ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე 19 წლის დეიან ჰიოსენი შევიდა. 46-ე წუთზე მასპინძლების კარგი კონტრშეტევა რეინდერსმა საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით დაასრულა – 2;1.
81-ე წუთზე ჰატო ფეხებში ლე ნორმანს ძალიან უხეშად ჩაუვარდა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 93-ე წუთზე ნიკო ვილიამსი საჯარიმოში მარხნიდან შევიდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარე ვერბრუგენმა ცუდად მოიგერია, ხოლო მიკელ მერინომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
ესპანეთის ნაკრებს 2024 წლის მარტიდან ზედიზედ 17 თამაშია არ წაუგია – 14 გამარჯვება და 3 ფრე.
1/4-ფინალის დანარჩენ შეხვედრებს რაც შეეხება, ხორვატიამ შინ საფრანგეთს 2:0 მოუგო, დანიამ თავის მოედანზე პორტუგალიას 1:0 აჯობა, ხოლო იტალია საკუთარ კედლებში გერმანიასთან 1:2 დამარცხდა. ერთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო თამაშები 23 მარტს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





