„ბარსელონამ“ სუპერთასი მეთხუთმეტედ მოიგო

0
62

„ბარსელონამ“ არსებობის ისტორიაში ესპანეთის სუპერთასი მეთხუთმეტედ მოიგო. საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში გამართულ შეხვედრასი გერმანელი ჰანსი ფლიკის შეგირდებმა კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი მადრიდის „რეალი“ 5:2 დაამარცხეს.
მატჩის მე-5 წუთზე მადრიდელები კილიან მბაპემ დააწინაურა, ხოლო 22-ე წუთზე ლამიან იამალმა ანგარიში გაათანაბრა. 36-ე წუთზე ლევანდოვსკიმ პენალტი გამოიყენა და „ბარსელონა“ კიდევ უფრო წინ გაიყვანა, ხოლო სამ წუთში „სამეფო კლუბის“ კარი რაფინიამ აიღო. პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულო მე-10 წუთზე „რეალი“ ბალდემ დაამწუხრა. „ბარსელონამ“ 1948 წლიდან მოყოლებული „რეალს“ პირველი ტაიმი სამი ან მეტი გოლის სხვაობით მესამედ მოუგო. 48-ე წუთზე რაფინიამ დუბლი შეასრულა. 59-ე წუთზე მსაჯმა ვოიცეს შჩესნის, რომელმაც საჯარიმოს გარეთ კილიან მბაპე წააქცია, ბოლო იმედის ჯარიმისთვის წითელი ბარათი აჩვენა. მე-60 წუთზე მადრიდელებიდან თავი როპდრიგომ გამოიჩინა, რომელმაც ჯარიმა ზუსტად შეასრულა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა.
„ბარსამ“ არსებობის ისტორიაში „რეალს“ ზედიზედ ორ შეხვედრაში 4 ან მეტი გოლი პირველად გაუტანა. ფლიკის ხელმძღვანელობით კატალონიელებმა „რეალს“ ორივე „ელ კლასიკო“ მოუგეს – 9 გოლი გაუტანეს და 2 გაუშვეს. გერმანელმა სპეციალისტმა, რომელიც „ბარსელონაში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, პირველი ტიტული მოიპოვა. ბოლო სამი სუპერთასიდან „ბარსამ“ 2 მოიგო, ხოლო „რეალმა“ – 1. მადრიდელები არსებობის ისტორიაში სუპერთასს 13-ჯერ დაეუფლნენ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბრაზილიის ნაკრების გარემარბი რაფინია დაასახელეს. მან მიმდინარე სეზონში კატალონიელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 27 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი