თბილისის „იბერიას“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 44 წლის სპეციალისტი თბილისელებს 2026 წლის ბოლომდე უხელმძღვანელებს.
კორღალიძემ „იბერიაში“ ივლისის დასაწყისში გიორგი მიქაძე შეცვალა. მანამდე, ის ყაზახეთის პრემიერლიგის ბინადარ „ჟენისს“ ავარჯიშებდა. მან წელს თბილისელებს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოაგებინა და სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.
კორღალიძემ “იბერიასთან” ერთად მეორე ტიტული მოიპოვა. მან 2021 წელს თბილისელებს, რომლებიც მაშინ “საბურთალოს” სახელით გამოდიოდნენ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი ააღებინა.
ცნობისთვის, მანამდე კორღალიძე “იბერიას” 2-ჯერ ავარჯიშებდა – 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის აპრილამდე და 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის ივნისამდე. ის, ასევე 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტამდე თბილისის “ლოკომოტივს” თავკაცობდა.
ლაშა თაბაგარი





