დავით ვოლკოვმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მეორე დუბლი შეასრულა.
მე-15 ტურში „ზირემ“, სადაც ვოლკოვთან ერთად გიორგი პაპუნაშვილი გამოდის, „სუმგაითი“ მიიღო და 4:1 დაამარცხა. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო. ვოლკოვმა მე-8 წუთზე სტუმართა მცველის უხეში შეცდომით ისარგებლა, რის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასულმა ანგარიში გახსნა. 55-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო პაპუნაშვილმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და მას მერე რაც ბურთი მეტოქის ფეხს შეეხო, კარში აღმოჩნდა.
67-ე წუთზე ვოლკოვმა „სუმგაითის“ საჯარიმოში ბურთი საუცხოოდ დაამუშავა და კარში გადაგზავნა – 3:1. 76-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა სტუმართა საჯარიმოში ბურთი მკერდით დაამუშავა და წინ გამოსულ მეკარეს თავს ზემოთ გადაუგდო. „ზირე“ 23 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
უნგრეთის უმაღლესი დივიზიონის მე-15 ტურში მტკ შინ “პუშკაშ აკადემიასთან” 0:1 დამარცხდა. მასპინძლებში ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ირაკლი ბერიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მტკ 23 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





