სპაერმა ისტორია დაწერა და თასის ფინალშია

0
70

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ის ბინადარმი თბილისის სპაერი არსებობის ისტორიაში პირველად დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ითამაშებს, რაც 2017 წელს დაარსებული გუნდისთვის, რომელსაც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში არასოდეს უასპარეზია, ძალიან დიდი მიღწევაა.
1/2-ფინალში ანზორ კიღურაძის გაწვრთნილი სპაერი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენელ „გაგრას“ დაუპირისპირდა, რომელსაც გიორგი ონიანი წვრთნის და დრამატულ დაპირისპირებაში პენალტების სერიაში გაიმარჯვა.
ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარე მატჩის მე-13 წუთზე „გაგრას“ უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ თამაშში ბურთი ფეხით შეიყვანა და მასპინძლების მცველმა გიორგი გრიგალაშვილმა თავის საჯარიმოსთან ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა, ხოლო გოლკიპერთან პირისპირ დარჩენილმა გიორგი ხარებაშვილმა ანგარიში გახსნა – 0:1.
48-ე წუთზე „გაგრას“ მცველმა ირაკლი იაკობიძემ საკუთარ საჯარიმოში გიორგი დ. ცეცხლაძე წააქცია და მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ა.ცეცხლაძემ გამოიყენა – 1:1. ამ ეპიზოდში ისე ჩანდა, რომ თავდაპირველად იაკობიძეს სწორედ დაზარალებული ეუხეშა.
ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა.
103-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ლევან ბარაბაძემ „გაგრას“ საჯარიმოში საბა გეგიაძე მოძებნა, რომელიც გრიგალაშვილს გაექცა და სპაერი დააწინაურა.
121-ე წუთზე გაგრელებმა კუთხური ჩააწოდეს და ლევან გეგეჭკორის დარტყმის შემდეგ, კარის ხაზზე მდგომმა გრიგალაშვილმა ბურთი ხელებით მოიგერია, რის გამო კიკაჩეიშვილმა წითელი ბარათი აჩვენა და პენალტი დადო, რომელიც გიორგი ლომთაძემ ზუსტად დაარტყა – 2:2.
პენალტების სერია სპაერმა უკეთესად შეასრულა და 5:4 გაიმარჯვა. კიღურაძის შეგირდები 5 დეკემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ ფინალში თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი