ევროპის ჩემპიონატის მეორე სათამაშო დღემ სტარტი კიოლნში აიღო, სადაც „რაინ ენერჯი სტადიონზე“ A ჯგუფის მეორე მატჩში შვეიცარია უნგრეთს დაუპრიისპირდა და ორბურთიანი სხვაობით აჯობა.
პირველ ტაიმში მურატ იაკინის გაწვრთნილი შვეიცარიელების უპირატესობა აშკარა იყო, რაც ანგარიშში აისახა. მატჩის მე-12 წუთზე ებიშერმა საუცხოო პასით მეკარესთან პირისპირ დუა დატოვა, რომელმაც მეტოქის კარი აიღო. თავდაპირველად მთავარმა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა, რადგან თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმეს და ანგარიში გაიხსნა – 1:0.
ტაიმის მიწურულს ფროილერის პასის მერე, ებიშერმა საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით უნგრელების კარი მეორედ აიღო – 2:0.
შესვენების შემდეგ, მარკო როსის შეგირდებმა თამაში გამოასწორეს და 66-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა შეამცირეს – მეტოქის ნახევარზე მყოფმა სობოსლაიმ მარცხენ ფლანგიდან პასი საჯარიმოში გახსნილ ვარგას გაუკეთა, რომელმაც ვარდნაში თავით გაიტანა – 1:2.
მატჩის მიწურულს შვეიცარია ისევ გააქტიურდა და კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, გრანიტ ჯაკას სახიფათო თავური დარტყმა უნგრელთა მეკარემ გაანეიტრალა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ფაბიან რიდერი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ბურთი გაექცა და ვერ გაიტანა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შვეიცარიის მეკარე ზომერმა თამაშში შეიყვანა ბურთი, რომელიც ორბანმა თავით ძალიან ცუდად მოიგერია და გულაშისთან ერთიერთზე ემბოლო გაიყვანა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.
A ჯგუფში გერმანია და შვეიცარია 3-3 ქულით პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან.
ლაშა თაბაგარი





