კიტეიშვილი: “ვაცნობიერებთ, რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ”

0
95

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში ავსტრიაში მორიგი ვარჯიში გამართა.
2 ივნისის საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის შეკრებას გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. მათთან ერთად ნაკრების ვარჯიშში გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე მონაწილეობდნენ.
შეკრების მიმდინარეობის და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის წინ ეროვნულ გუნდში არსებული განწყობის შესახებ, კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილი გააკეთა.
ოთარ კიტეიშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): “შეკრება საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. მზადება არასრული შემადგენლობით დავიწყეთ და რამდენიმე ვარჯიში ჩავატარეთ. შემოგვიერთდა მოთამაშეთა ნაწილი და მომდევნო კვირაში სრული შემადგენლობით შევიკრიბებით.
გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის. ვცდილობთ, მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ მოახლოებულ თამაშებზე და ყველა ვარჯიშზე მაქსიმალურად მოტივირებულები ვართ.
თითოეული ფეხბურთელი ცდილობს, რომ მეტი ივარჯიშოს, უფრო მონდომებული იყოს და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი და სასიამოვნოა. ყველას გაცნობიერებული აქვს, თუ რა დონის ტურნირზე უნდა ვიასპარეზოთ. ამიტომ, საჭიროა ძალიან კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიაროთ”.
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).
მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველებია/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო),  საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს მხანაგურ მატჩს ჩერნოგორიის ეროვნულ გუნდთან პოდგორიცაში ჩაატარებს.
ვილი სანიოლის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავენ: 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს დაუპირისპირდებიან, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს შეხვდებიან, ხოლო 26 ივნისს გელზენკირხენში პორტუგალიასთან ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი