ანჩელოტი: „თუ მეორე მატჩშიც ასე ვითამაშებთ შემდეგ ეტაპზე გავალთ“

0
36

„რეალის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ თუ მისი შეგირდები საპასუხო მატჩში ისე იბრძოლებენ როგორც პირველ შეხვედრაში, მაშინ შემდეგ ეტაპზე გავლენ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „სიტისთან“ 3;3 დასრულებული პირველი მატჩის მერე განაცხადა.
„თანაბარი თამაში იყო ხისტი ორთაბრძოლებით. ვიდრე მაღალ პრესინგს ვთამაშობდით ყველაფერი კარგად მიდიოდა. ჩვენ ვცდილობდით გარდამავალი ფაზებიდან სასურველი შედეგი მიგვეღო. რასაც არ ველოდით ეს ასეთი მანძილიდან გაშვებული პირველი გოლი იყო. თუმცა, კარგი რეაგირება გვქონდა და 60 წუთის განმავლობაში კარგად ვთამაშობდით. შემდეგ ორი ბურთი „ცხრიანში“ გავუშვით და ამ დარტყმების მოგერიება შეუძლებელი იყო. თუმცა, ვფიქრობ, რომ პირველმა გაშვებულმა ბურთმა თამაშზე თავისი გავლენა მოახდინა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე მაღალი პრესინგის სათამაშოდ ძალა გვქონდა და „სიტის“ ბურთის ფლობის დროს პრობლემას ვუქმნიდით.
ვფიქრობ, ჩვენი ტაქტიკით „სიტი“ გავაკვირვეთ. მეორე გოლის დროს იდეალური კომბინაცია გავითამაშეთ და ფეხბურთელებმა ყველაფერი საუცხოოდ გააკეთეს. მარცხენა ფლანგზე ვინისიუსის და როდრიგოს ყოფნით მომენტებს ვქმნიდით. მე კმაყოფილი ვარ.
მინდოდა, რომ მატჩის მერე ცოტა უპირატესობა მაინც გვქონოდა, მაგრამ ისედაც კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ჩვენ ვიბრძოდით და თუ მეორე მატჩშიც ასე ვითამაშებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ“ – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა Movistar-თან.
ლაშა თაბაგარი