გიორგი დემეტრაძეს საბერძნეთთან მატჩი საქართველოსთვის ისტორიულად მიაჩნია. ჩვენი ეროვნული გუნდის ექსთავდამსხმელმა ამის შესახებ championat.com-თან ისაუბრა.
„საბერძნეთთან მატჩი საქართველოსთვის ისტორიულია. ჩვენს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია მას მერე, რაც თბილისის „დინამომ“ თასების თასი აიღო, მაგრამ ის კლუბი იყო, ხოლო ნაკრები მაინც სხვაა. ეს საუკუნის მატჩია, რომელიც უნდა მოვიგოთ. საშინაო კედლები გვეხმარება. ბილეთებისთვის რიგში ნახევარი მილიონი ადამიანი იდგა, მაგრამ სამწუხაროდ ადგილები შეზღუდულია – სტადიონზე დაახლოებით 55000 გულშემატკივარი ეტევა. მსგავსი რამ მანამდე საქართველოში არ ყოფილა.
საბერძნეთის ნაკრების თამაში ვნახე და კარგი გუნდია. ძალიან კარგი დაცვა ჰყავს, მაგრამ საშინაო კედლები და მე-12 მოთამაშე გულშემატკივრების სახით გეხმარება. ჩემი აზრით, საბერძნეთზე მეტი შანსი გვაქვს, რადგან სახლში ვთამაშობთ“.
ჩვენი გუნდი ფინალში 26 მარტს თბილისში საბერძნეთს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ლაშა თაბაგარი




