მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა გერმანიის ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა. 26-ე ტურში ბავარიელებმა „დარმტადტი“ 5:2 დაამარცხეს და ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ერთი გოლი გაიტანა. კეინი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო სეზონში მეტოქეთა კარი 31-ჯერ აიღო. მანამდე, რეკორდი გერმანიის ნაკრების და „ჰამბურგის“ ლეგენდას უვე ზეელერს ეკუთვნოდა, რომლის ანგარიშზე 1963-1964 წლების სეზონში 30 გოლია.
გარდა ამისა, კეინმა ერთ სეზონში ჩემპიონატში გატანილი ბურთების რაოდენობით თავისი პირადი რეკორდიც დაამყარა. მანამდე, მან ლონდონის „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში ორჯერ ინგლისის პრემიერლიგაში სეზონის განმავლობაში 30 გოლი მიითვალა.
კეინი „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო პრემიერლიგაში გატანილი ბურთების რაოდენობით მეორე. ის „ბლექბერნისა“ და „ნიუკასლის“ ექსფორვარდ ალან შირერს ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





