„იბერიამ“ თბილისური დერბი მოიგო და გალიდერდა

0
40

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც „იბერიამ“ თანაქალაქელ „დინამოს“ უმასპინძლა. გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა იბერიელებმა მიმდინარე სეზონში მესამე თამაში მოიგეს ერთი ფრის წილ და სატურნირო ცხრილში გალიდერდნენ.
მე-14 წუთზე გიზო მამაგეიშვილი მოედნის ცენტრში ნოდარ ლომინაძეს ისე ეუხეშა, რომ წვივსაფარაი გაუტეხა. ლომინაძემ საპასუხოდ მეტოქეს ხელი ჰკრა და ფეხბურთელები წაკინკლავდნენ, ხოლო ინციდენტი იმით დასრულდა, რომ ორივე ყვითელი ბარათი მიიღო.
მე-17 წუთზე „დინამოს“ მარჯვენა მცველის გიორგი მაისურაძის შეცდომით კარგად ისარგებლა გიორგი კოხრეიძემ. რომელიც საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მის მიერ დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მე-20 წუთზე კოხრეიძემ ანგარიში გახსნა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა ირაკლი ხერხაძემ ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა და როგორც აღმოჩნდა, მანამდე საბა მამაცაშვილმა თამაშის წესი ესპანელ კადეტესთან ორთაბრძოლის დროს დაარღვია, რის გამო, გოლი არ ჩაითვალა.
34-ე წუთზე გიორგი ლორია გაუმართლებლად გამოვიდა კარიდან ძალიან შორს და მალელ ფორვარდ შეიკნე სილას ეუხეშა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. არადა, სილას ფეხდაფეხ სტუმართა მცველი ალექსანდრე კალანდაძე მისდევდა და „დინამოს“ კაპიტანს შეეძლო კარში დარჩენილიყო. ლორიამ საქართველოს ჩემპიონატში კარიერაში მეორედ მიიღო. დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდრეს კარასკომ თამაშიდან ლიეტუველი ნახევარმცველი დანიელ რომანოვსკი მოხსნა და კარში მიხეილ მაქაცარია ჩადგა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე მამაცაშვილმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარში ჩაახვია და მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0. ამ ეპიზოდში მაქაცარია უხეშად შეცდა.
ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში „იბერიას“ კიდევ უფრო წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ მეტოქის საჯარიმოში მყოფი ოთარ მამაგეიშვილის დარტყმის მერე, მაქაცარიამ ამჯერად „დინამო“ გოლის გაშვებას გადაარჩინა. 68-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფმა გიორგი კოხრეიძემ ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ისევ მაქაცარიამ იყოჩაღა. მატჩის მიწურულს “დინამომ” კუთხური ჩააწოდა და თანაგუნდელთა დასახმარებლად საჯარიმოში მაქაცარიაც ჩავიდა, მაგრამ ამაოდ.
„საბურთალო“ ვიდრე ხვალ ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა გაიმართება 10 ქულით პირველია, ხოლო „დინამომ“ სეზონის სტარტზე მეორე თამაში წააგო და 6 ქულით მეოთხეა.
იბერია 1999 1:0 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი