წყალტუბოს „სამგურალმა“ მიმდინარე სეზონში პირველი ქულა აიღო და პირველი გოლიც გაიტანა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში მიხეილ აშვეთიას გაწვრთნილი გუნდი წყალტუბოში მდებარე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ფოთის „კოლხეთს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
მატჩის მე-4 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლაშა კოხრეიძემ თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო ბურთი ხორვატ მცველ ბარტულ მარკოვინას და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა. მე-15 წუთზე წყალტუბოელთა ბრაზილიელი ლეგიონერი ჟან კარლოსი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან ბურთიანად შევიდა და მისი პასის შემდეგ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა ლუკა შეროზიამ კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში მეტი ბურთი არ გასულა და დავით კვირკველიას ხელმძღვანელობით „კოლხეთმა“ ზედიზედ მესამე თამაში არ წააგო – 5 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა, ხოლო „სამგურალი“ 1 ქულით მეცხრეა.
სამგურალი 1:1 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი





