მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე სეზონში მესამედ გახდა

0
60

გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მესამედ დაასახელეს. მე-16 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით წააგო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მასპინძლებს დიდად არ  დაუტვირთავთ. თუმცა, შესვენები შემდეგ „ხეტაფეს“ ფეხბურთელები გაცილებით გააქტიურდნენ და რომ არა მამარდაშვილი მადრიდელები გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგებდნენ.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში „ვალენსიას“ ბრაზილიელმა მცველმა გაბრიელ პაულისტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. ამის შემდეგ „ხეტაფემ“ მეტოქეზე ზეწოლა გაცილებით გააძლიერა და საჯარიმოში მარჯვნიდან შესული გრინვუდის მარჯვენა მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა ფეხით მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და გიორგი ლატასას თავურიც აიღო.
ამის შემდეგ, მამარდაშვილმა მილიას შორეული დარტყმა გაანეიტრალა, ცოტა ხანში კი, მასთან პირისპირ გასულ მარტინს არ გაატანინა, რასაც ახლო მანძილიდან მარტინის დარტყმულის აღება მოჰყვა. 87-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან იგლესიასმა გადაცემა „ვალენსიას“ საჯარიმოში გააკეთა, სადაც ბორხა მაიორალმა ყველას აჯობა და თავით გაიტანა. მამარდაშვილი ამ ეპიზოდში უძლური იყო.  88-ე წუთზე უხეშობოსთვის „ვალენსიას“ ხავი გერა გაუძევეს, ხოლო იმავე მიზეზით მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მოედანი „ხეტაფეს“ მოთამაშე დუარტეს დაატოვებინეს.
საბოლოოდ, მამარდაშვილი მიმდინარე სეზონში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეორედ დაასახელეს, როდესაც „ვალენსია“ დამარცხდა. პირველად ასეთი რამ  მე-4 ტურში სტუმრად “ალავესთან” 0:1 წაგებულ თამაშში მოხდა, როდესაც 2 პენალტი მოიგერია. ის კიდევ ერთხელ საუკეთესოდ მე-11 ტურში სტუმრად ბილბაოს “ატლეტიკთან” 2:2 დასრულებულ მატჩში . „ვალენსია“ 19 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი