გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის პრემიერლიგის მე-17 ტურში „ველეჟს“ სტუმრად „ჟელეზნიჩართან“ მოაგებინა.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გაიტანა, როდესაც თანაგუნდელთან „კედელი“ გაითამაშა და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მახვილი კუთხიდან გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ბოსნიის ჩემპიონატში თავი მეხუთედ გამოიჩინა. „ველეჟი“ 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ბუდუ ზივზივაძე მიმდინარე სეზონში „კარლსრუეს“ სასტარტო შემადგენლობაში მეორედ მოხვდა. გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-16 ტურში „კარლსრუე“ სტუმრად „ჰანოვერს“ შევხდა და მიუხედავად იმისა, რომ 53-ე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობოთ იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო – 2:2. ზივზივაძე 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში ძირითადი დროსთვოს დამატებულ პირველ წუთზე გაათანაბრეს. „კარლსრუე“ 18 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში დონეცკის „შახტარმა“ შინ „ვერესი“ 2:0 დაამარცხა. მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველებმა გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშეს. „შახტარი“ 31 ქულით 16 გუნდში მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი





