ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

0
65

ლევან მჭედლიძემ საფეხბურთო კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
“თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ამ საოცარ სპორტთან მიწევს გამომშვიდობება ფიზიკური პრობლემების გამო. დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მედგა ამ დროის მანძილზე. გამორჩეულად მადლობას ვუხდი „ემპოლის“, კლუბს, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში. ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ნაკრების მაისურით ნათამაშები ყოველი მატჩი გამორჩეული და საამაყო იყო ჩემთვის“.
მჭედლიძე 2008- 2019 წლებში იტალიის “ემპოლიში” გამოდიოდა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 164 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ის 2008-2010 წლებში იჯარით “პალერმოში” თამაშობდა, რომლის რიგებში 11 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, მჭედლიძე ბათუმის “დინამოს”, თბილისის “დინამოს”, ხოლო ბოლოს ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავდა. მან ეროვნულ ნაკრებში 32-ჯერ ითამაშა და 2 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი