პსჟ-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაში ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა, იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
მბაპე პირველი ფრანგი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 8 საშინაო მატჩში გოლი გაიტანა. მან ანრის გაასწრო, რომელმაც „არსენალის“ მაისურით 2001 წლის მარტიდან 2002 წლის თებერვლამდე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში მეტოქის კარი ზედიზედ 7 საშინაო შეხვედრაში აიღო.
ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში პსჟ-მ პარიზში „მილანს“ 3:0 აჯობა და მბაპემ ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი




