დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც გიორგი გოცოლეიშვილი გამოდის, უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო მატჩი ლონდონში ადგილობრის „ტოტენჰემთან“ ჩაატარა და 1:5 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენაფლანგელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. ლონდონელებიდან 4 გოლი გუნდის კაპიტანმა ჰარი კეინმა გაიტანა, ხოლო ერთხელ თავი დეინ სკარლეტმა გამოიჩინა. დონეცკელებიდან გოლის ავტორი კევინ კელსია.
„ტოტენჰემთან“ შეხვედრაში ფეხბურთიდან „შახტარის“ და უკრაინის ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მეკარე ანდრეი პიატოვი გააცილეს. ამის გამო მსაჯმა თამაში მე-16 წუთზე გააჩერა და უკრაინული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ხორვატმა დარიო სრნამ პიატოვს 482-ნომრიანი მაისური გადასცა. 39 წლის პიატოვმა „შახტარში“ 16 სეზონი გაატარა და 482 შეხვედრა გამართა. მან 28 ტიტული მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი




