სტივ კინი: “ბრძოლა ყოველთვის ღირს და შეგვიძლია”

0
59

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ შოტლანდიელ სტივ კინს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ყაზახეთის “აქტობესსთან” 1:4 მარცხის მიუხედავად, ბრძოლა ყოველთვის ღირს. მან ამის შესახებ მატჩამდე გასამართ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის გარემარბი ირაკლი ბუღრიძეც დაესწრო.
სტივ კინი: “ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ უნდა შევუტიოთ. ბურთის კონტროლში უპირატესობა საგოლე მომენტების შექმნას გამოიწვევს. ვეცდებით, კარში უფრო ხშირად დავარტყათ. პირველ მატჩში იმაზე ნაკლებად აგრესიულად ვითამაშეთ, ვიდრე გვსურდა. რა თქმა უნდა, ეს „აქტობეს“ დამსახურებაა, რომელმაც პირველი წუთებიდან პრესინგი კარგად ითამაშა.
პირველ შეხვედრაში შედეგის მიუხედავად ბურთის ფლობა გვქონდა. არ ვამბობ, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ბურთის ფლობა გოლად ვაქციოთ. პირველ მატჩში ბურთი თითქმის 70%-ით გვქონდა.
ამჯერადაც არ უნდა დავაგდოთ ეს მაჩვენებელი. პირველ თამაშში „აქტობემ“ ერთი გოლი პენალტით გაიტანა, ორი კი კონტრშეტევაზე, მხოლოდ ერთი გოლი იყო შრომატევადი. ჩვენც ბევრი მომენტი გვქონდა, ამიტომ, ვეცდებით მეტოქეზე გაცილებით მეტი გოლის გატანას. გუნდი ხვალინდელი შეხვედრისთვის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად მზად არის. არავინ ელის ჩვენგან სენსაციას, მაგრამ სარაევოში დავამტკიცეთ რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს და შეგვიძლია“.
 ირაკლი ბუღრიძე: „გულშემატკივარმა ამხელა გზა გამოიარა ჩვენს გასამხნევებლად. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, რომ მათ იმედები არ გავუცრუოთ“.