კაუნასში გუშინ ჩასულმა საქართველოს კალაათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს “ჟალგირისის” არენაზე ორჯერ ივარჯიშა.
დღევანდელ ვარჯიშში აქტიური მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, რომელსაც ეგვიპტესთან თამაშისას მიღებული მცირე ტრავმა აწუხებს. ნაკრების ექიმები და მწვრთნელები, ცხადია, მოცდას ამჯობინებენ და ბითაძეს დასვენების საშუალებას აძლევენ, რათა გოგა უფრო მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზად იყოს.
ილიას ზუროსი: “პირველ ყოვლისა, ძალიან მიხარია, რომ კაუნასში დავბრუნდი. ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. აქ ვცხოვრობდი და აქაურობასთან ფანტასტიკური მოგონებები მაკავშირებს. ჩემი შვილი აქ დაიბადა, აქ ყოფნა ჩემთვის ყოველთვის სასიხარულო და სასიამოვნოა.
რაც შეეხება თამაშს, ხვალინდელი მატჩი დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დავინახოთ თუ სად ვართ და ეს გავაკეთოთ ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე აუცილებლად მედლებისთვის იბრძოლებს.
ძალიან კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, თავდაუზოგავად ვიშრომოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი თამაში. წინ ორი ურთულესი მატჩი გველის, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არ იქნება, ჩვენი მიზანი პოტენციალის გაუმჯობესებაა, როგორც დაცვის, ასევე შეტევის თვალსაზრისით. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ მომზადების პროცესში წინ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“.




