ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ შოტლანდიელ სტივ კინის თქმით, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ყაზახეთის “აქტობესთან” გასამართ მატჩში ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ.
სტივ კინი: “ველოდებით, როდის ჩამოვა მეტოქე საქართველოში. მათ ჩამოფრენასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ და ჩვენ, რაც საფეხბურთო კლუბს შეეძლო, სტუმარი გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს შეხვედრა არ ჩაშლილიყო.
სარაევოდან უკან ხანგრძლივი ფრენა გვქონდა, დუბაიში მოგვიწია ჩასვლა და იქიდან საქართველოში დაბრუნება. თუმცა ფეხბურთელებმა დასვენება მოახერხეს, ძალები აღდგენილია და გუნდი როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ძალიან კარგი მეტოქის წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის.
როცა ისეთი კარგი გუნდის წინააღმდეგ სტუმრად მიდიხარ სათამაშოდ, როგორიც “სარაევოა” და უპირისპირდები მას არა მასპინძელი გუნდისთვის დისკომფორტულ გარემოში, დიდი შანსია წააგო. თუმცა, პირველი მატჩის მერე დასკვნები გავაკეთეთ, მათი თამაში უკეთ შევისწავლეთ. გასვლაზე თამაშში ბურთს უმეტესად ჩვენ ვფლობდით, რაც ადვილი არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ სტუმრად ვთამაშობდით და ვმარცხდებოდით, კონცენტრაცია და საკუთარი თავის რწმენა არ დაგვიკარგავს, ჩვენს გეგმას მივყევით. ვფიქრობ, “სარაევოსთან”გამართული საპასუხო მატჩი აჩვენებს იმას, რომ ფიზიკურად და მენტალურად ძლიერები ვართ. ის შეხვედრა რომც წაგვეგო, დასაძრახი არ იქნებოდა, რადგან პროგრესი მაინც აშკარაა.
ჩვენ სარაევოსთან საშინაო შეხვედრაშიც უფრო შემტევი ფეხბურთის თამაში გვინდოდა, თუმცა მეტოქემ აგრესიულად დაიწყო და იძულებულები გავხდით, საწყის 20-25 წუთში უფრო მეტად დაცვაზე გვეზრუნა. ხვალინდელ მატჩში პირველივე წუთებიდან აგრესიულ თამაშსა და შეტევას ვეცდებით. გვინდა, რომ ბურთს ჩვენ ვფლობდეთ, მაღალი ინტენსივობა ვაჩვენოთ და მეტოქე ვაიძულოთ, რაც შეიძლება დიდი დრო დაცვაში გაატაროს.
“აქტობე” შესახებ ძალიან ბევრი რამ ვიცით, მათ მწვრთნელებზე, ტაქტიკაზე, ინდივიდუალურად ფეხბურთელებზე. რასაკვირველია, მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩში ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. “აქტობე” კარგი გუნდია, თუმცა საბოლოო შედეგი იმის კანონზომიერად დაფიქსირდება, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ. ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს: “ტორპედო” ევროთასების ამ ეტაპზე დიდი ხანია არ ყოფილა. ამასთანავე, გვაქვს განახლებული, კარგი არენა და გყავს გულშემატკივარი, რომელიც გვერდით გვიდგას. ქუთაისში ხალხს ფეხბურთი უყვარს და დარწმუნებული ვარ, ხვალ არენაზე ძალიან ბევრი ფანი მოვა.
რთული პროცესი გამოიარეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არაფერს ცვლის და ჩვენ მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და არც მოტივაციას გვიკლებს. მათ პრობლემებზე საერთოდ არ ვფიქრობთ, იმის გაკეთებას ვეცდებით, რაც დაგეგმილი გვქონდა. არ მიგვაჩნია, რომ “აქტობე” საქართველოში მოუმზადებელი ჩამოვა. ჩვენი საქმის გაკეთებას პირველივე წუთებიდან მაქსიმალური ინტენსივობით ვეცდებით.
ფეხბურთში დიდი ხანია ვარ და მსაჯებთან პრობლემა არასდროს მქონია. ეს ძალიან რთული პროფესიაა და მათ პატივს ვცემ. წინა შეხვედრებში მსაჯების არცერთი გადაწყვეტილება არ განგვიხილავს, მსაჯობაზე კითხვები არ გვქონია. არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რომელი ქვეყნიდან არის რეფერი, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თამაშზე ვართ ორიენტირებულები. მიმაჩნია, რომ მსაჯები ყოველთვის ნეიტრალურები არიან.
ვიცით, რომ ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში უფრო ძლიერი მეტოქე შეგვხვდება. თუმცა, ჩვენ ჯერ აკტობესთან საპასუხო მატჩის შესახებაც არ ვფიქრობთ. ეგ კი არა, გონებაში მხოლოდ ხვალინდელი შეხვედრის პირველი ტაიმი გვიტრიალებს, მეორე ნახევრისთვის გეგმებს პირველი 45 წუთის შემდეგ დავაწყობთ. ფეხბურთელებზეც ვიტყვი, მცირედი დაზიანება ჩვენს ახალწვეულ ნიკოლა ნინკოვიჩს აქვს, სხვა ყველა მოთამაშე მწყობრშია და აკტობესთან მატჩისთვის ემზადება. ზოგადად, რასაკვირველია, რაც უფრო შორს გავალთ, უფრო გაგვიხარდება, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი ხვალინდელი შეხვედრაა”.
“ტორპედო” -“აქტობეს” დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
“აქტობე” საქართველოში დღეს ჩამოფრინდება, რადგან გუშინ დაგეგმილი ჩარტერული რეისი იმის გამო გაუქმდა, რომ მისი შემსრულებული ავიოკომპანია სანქცირებულთა შორისაა და შესაბამისად მას ქართულმა მხარემ სივრცის გადაკვეთაზე უარი უთხრა.





