თორნიკე გაფრინდაშვილი კარიერას “სამგურალში” განაგრძობს, რის შესახებ წყალტუბოელთა პრესსამსახური იუწყება:
“წყალტუბოს „სამგურალი“ გამოცდილი შემტევი ნახევარმცველით, თორნიკე გაფრინდაშვილით გაძლიერდა. თორნიკე ჩვენს გუნდს პოლონური „არკა გდინიადან“ შეუერთდა.
მან საქართველოში კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი „გაგრასა“ და ბათუმის „დინამოში“ გაატარა. განსაკუთრებით წარმატებული პერიოდი ბათუმურ კლუბში ჰქონდა, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი სეზონის განმავლობაში ეროვნულ ლიგაში 79 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და არაერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
2021 წელს ბათმელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა. იმავე კლუბის მაისურით ევროტურნირებზეც იასპარეზა. ბათუმის „დინამოდან“ კარიერა პოლონეთის ექსტრაკლასაში, ლუბინის „ზაგლებიეში“ გააგრძელა, სადაც 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
2024 წლის იანვარში გდინიის „არკას“ შეუერთდა. 2024/25 წლების სეზონში გუნდთან ერთად პოლონეთის პირველი ლიგა მოიგო და კლუბის ექსტრაკლასაში დაბრუნებაში თავისი წვლილი შეიტანა”.
ცნობისთვის, “სამგურალმა” ასევე 29 წლის ნახევარმცველი ირაკი ბიძინაშვილი და 25 წლის ფორვარდი ირაკლი სირაძე დაიმატა. პირველმა მიმდინარე სეზონი “იბერიაში” დაიწყო, ხოლო მეორემ თბილისის “დინამოში”.
ლაშა თაბაგარი





