ქუთაისის “ტორპედოს” შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა სტუმრად ბოსნიის “სარაევოს” პენალტების სერიაში დამარცხებისა და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემდეგ, თავის ფეხბურთელებს ფიზიკური მომზადება შეუქო.
სტივ კინი: “მადლობა კარგი მასპინძლობისთვის. რთული მატჩი იყო. ვფიქრობ, რომ პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი გავუშვით. საბედნიეროდ, მოვახერხეთ გათანაბრება და მსაჯმა თამაში რომ დაასრულა, გავიხარეთ.
ჩემს ფეხბურთელებს თამაშამდე ვუთხარი, რომ წარმოედგინათ ატმოსფერო და სავსე სტადიონი. ისინი მენტალურად მოვამზადე, რადგან ზოგიერთს ამდენი მაყურებლის წინაშე არასდროს უთამაშია. ისინი უნდა შევაქო, რადგან მცირე დროში მოახერხეს ფიზიკურად მომზადება. ძალიან ძლიერები არიან და როცა ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძლიერი გუნდი გყავს, როგორმე შესაძლებელია შედეგის მიღწევა. ეს დღეს საღამოს მოვახერხეთ“.
ქუთაისის „ტორპედომ“ მომდევნო ეტაპზე „აკტობეს“ შეხვდება – პირველი მატჩი 27 ივლისს ქუთაისში გაიმართება, ხოლო საპასუხო – 3 აგვისტოს ყაზახეთში.





