ანდრეი დემჩენკო: “ჩვენი მიზანი მეტოქის უბურთოდ დატოვება იყო”

0
74

გორის “დილას” მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოს თქმით, კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დუნაისკა სტრედასთან” საპასუხო მატჩში მისი გუნდის მიზანი მეტოქის რაც შესაძლოა დიდი ხნით უბურთოდ დატოვება იყო. უკრაინელმა სპეციალისტმა ამის შესახებ გორში სლოვაკებთან 2:0 გამარჯვების და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ განაცხადა.
ანდრეი დემჩენკო: “სტრედა” ძალიან კარგი გუნდია, სლოვაკეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი ტყუილად არ დაუკავებიათ. კენჭისყრის შემდეგ შესაძლო მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეგვხვდა. დიდ პატივს ვცემ ამ გუნდს, კარგი კოლექტივია, ძლიერი, ფიზიკურად კარგად მომზადებული.
პირველ თამაშში არ გაგვიმართლა, ორი უპატიებელი შეცდომა დავუშვით და საკუთარ კარში ორი გოლი მივიღეთ. მაგრამ, როგორც სლოვაკეთში, ისე გორში, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, ვცდილობდით, ბურთი ჩვენ გვქონოდა. უბრალოდ, ბიჭებმა პირველ მატჩში საკუთარი ძალების ბოლომდე ვერ ირწმუნეს, ფსიქოლოგიურად, თავდაჯერება გვაკლდა.
დღევანდელ თამაშში, კი თავდაჯერება იგრძნობოდა – ინიციატივას ვფლობდით, ბურთი ჩვენი იყო, გოლის გასატანად უამრავი შანსი გვქონდა. მოსალოდნელი იყო, რომ “დუნაისკა სტრედა” ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშებდა, რადგან ორმატჩიან დაპირისპირებაში ერთბურთიანი უპირატესობა მათ მხარეს იყო. ჩვენ გასატანი გვქონდა და გავიტანეთ კიდეც, თუმცა ამის გაკეთება გაცილებით ადრე შეგვეძლო. თ საბოლოო ჯამში მიზანს მივაღწიეთ, შემდეგ ეტაპზე გავედით და ამ შედეგით კმაყოფილი ვართ.
ვიცოდით, რომ მეტოქეს ბურთის გარეშე თამაში არ უყვარს. ამიტომ, უპირველესი ამოცანა მეტოქის უბურთოდ დატოვება იყო. ეს პირველი ფსიქოლოგიური გამარჯვება იყო: გუნდს ბურთით თამაში უყვარს, შენ მას ბურთს ართმევ. ამ მხრივ მიზანს მატჩის დაწყებიდანვე მივაღწიეთ. ვინც უბურთოდ დარბის, მალე იღლება, ბურთთან ერთად, კი ძალებს უფრო ნაკლებად კარგავ. მეტოქის უბურთოდ დატოვების გეგმა გვქონდა და ამ მიდგომამ იმუშავა.
ჩვენი რამდენიმე მოთამაშე დაიღალა და თამაშზე კონტროლი დავკარგეთ. მეტოქეებს ხშირად ვერ ვეწეოდით, ბურთს ვერ ვუსწრებდით და ჩვენს კართან მომენტები მომრავლდა. მოედანზე ახალი ფეხბურთელების შეშვებაზე ბევრი არ გვიფიქრია  და პრინციპში, ამ ცვლილებებმა იმუშავა. ძალებით სავსე ბიჭებმა შეტევაში ძალა შეგვმატეს, დაცვასაც უკეთ ეხმარებოდნენ. შემდეგ გოლიც გავიტანეთ და მიმაჩნია, რომ შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა გამარჯვების მოპოვებასა და მიზნის მიღწევაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
ნიკა გაგნიძე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ის მოედანზე დიდ ძალსა და აგრესიას გვაძლევს, გუნდის ლიდერი და კაპიტანია. ცხადია, დღეს ის ძალიან დაგვაკლდა, ეს ცალსახაა. თუმცა არ ვამბობ იმას, რომ ბიჭებმა, რომლებმაც გაგნიძის პოზიცია დაიკავეს, ცუდად ითამაშეს. უბრალოდ, ნიკას აქვს ის თვისებები და ხარისხი, რომელიც ძალიან გვჭირდება. დღეს გაგნიძე მოედანზე რომ ყოფილიყო, ჩვენ უფრო ძლიერები ვიქნებოდით. თუმცა, დღეს ვინც ითამაშა, იმ ფეხბურთელებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი, რადგან მოვიგეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით, ეს ნიშნავს, რომ მინდორზე ყველა კარგი იყო.
გუნდის გაძლიერების მცდელობები გვაქვს, მაგრამ ისეთი ფეხბურთელებს ვეძებთ, რომლებიც ნამდვილად გამოგვადგებიან – ასეთები, კი ჯერ ვერ ვიპოვეთ. ახალი მოთამაშე იმათ უნდა სჯობდეს, ვინც გვყავს, არ აქვს მნიშვნელობა, ის ლეგიონერი იქნება თუ არა. მსგავსი ფეხბურთელები, ჯერ ვნახეთ, თუმცა პროცესი გრძელდება.
ცხადია, ეს ჩემთვის გამოწვევაა. უკრაინიდან მაშინ წამოვედი, როცა ომი ჯერ არ მიმდინარეობდა. საქართველოში უკვე, ორწელიწადნახევარია ვმუშაობ და რომ არ დაგიმალოთ, ვფიქრობდი კიდეც, რომ კარგი იქნებოდა თუ “ვორსკლას” შევხდებოდი. მინდა იმ გარემოს შეგრძნება, სადაც გავიზარდე და ძალების უკრაინულ გუნდთან მოსინჯვა. ეს ძალიან კარგი გუნდია, უბრალოდ ევროთასებზე არ გასულან, მთავარი მწვრთნელი, ვიქტორ სკრიპნიკი ძალიან კარგად მუშაობს. მე თვითონ ზაპოროჟიედან ვარ, ადრე სკრიპნიკი ამ ქალაქის გუნდს, “მეტალურგს” წვრთნიდა, ხოლო მე მისი სტაჟიორი ვიყავი. ადრე მისგან გაკვეთილებს ვიღებდი, ახლა კი ერთმანეთს, როგორც მეტოქეები შევხვდებით.
გასაგებია, რომ უკრაინის ჩემპიონატი ახლა არ მიმდინარეობს, მაგრამ მწვრთნელი გუნდს კონფერენსლიგისთვის შესაბამისად მოამზადებს, მე ასე ვფიქრობ. ცხადია, ნამდვილად არაა კარგი, როცა გუნდს ჩემპიონატი არ დაუწყია და ევროთასებზე თამაში უწევს, სათამაშო ტონუსის შექმნა ამხანაგურ მატჩებში შეუძლებელია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე სახის უპირატესობა გვაქვს, პოლტავის “ვორსკლა” ძალიან ძლიერი გუნდია“.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“ „ვორსკლას“ სტუმრად პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 27 ივლისს შეხვდება, ხოლო 3 აგვისტოს გორში უმასპინძლებს.