„პარი სენ ჟერმენმა“ ახალი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ლუის ენრიკე ოფიციალურად წარადგინა. 53 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ფრანგულ გრანდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა, მან კრისტოფ გალტიე შეცვალა, რომელმაც გუნდში ერთი სეზონი გაატარა და ჩემპიონის ტიტულის გარდა, სუპერთასი მოაგებინა.
ლუის ენრიკე 2019-2022 წლებშ ესპანეთის ნაკრებს ავარჯიშებდა, რომელიც კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ დატოვა. მან ევრო 2020-ზე გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა, ხოლო ერთა ლიგის 2020-2021 წლების გათამაშებაში ფინალში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ესპანელები დამარცხდნენ.
ლუის ენრიკემ სამწვრთნელი კარიერა „ბარსელონას“ მეორე გუნდში დაიწყო, შემდეგ იტალიის „რომას“ მიაშურა, ასევე „სელტაშიც“ მუშაობდა, მაგრამ ყველაზე წარმატებული პერიოდი „ბარსელონაში“ ჰქონდა,
მან კატალონიურ გუნდს სამ სეზონში ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ესპანეთის თასი 3-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი ერთხელ მოაგებინა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის სუპერთასზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში გაამარჯვებინა.
ლაშა თაბაგარი





