რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ მისმა გაწვრთნილმა გუნდმა საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე კარგი შედეგი აჩვენა. მან ამის შესახებ 1/4-ფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ განაცხადა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა.
რამაზ სვანაძე: “გეთანხმებით, კარგი შედეგი ვაჩვენეთ მთლიანობაში, მაგრამ როდესაც ოცნებასთან ასე ერთ ნაბიჯში ხარ, არსებობს გულისწყვეტა. ყველაზე მთავარი, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, არის ის, რომ რწმენა გააჩინეს. ვეთამაშებოდით ძალიან ძლიერ გუნდებს, რომლებსაც ძალიან გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ გულშემატკივარში გავაჩინეთ რწმენა და ეს რწმენა არის იმის საფუძველი, რომ მომავალი ძალიან წარმატებული იქნება.
წიტაიშვილი ჩვენთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია, მას ძალიან მაღალი ხარისხი აქვს. მაგრამ ის პრობლემა იყო პირველივე ტურიდან, რომ არ არის სათანადო ფიზიკურ კონდიციაში, რადგან კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის მალე იპოვის ისეთ კლუბს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება. მისი მოედნიდან ნებისმიერი გაყვანა ფიზიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული.
პენალტებზე გუშინ ვივარჯიშეთ, მაგრამ მერწმუნეთ, ერთია ვარჯიშზე პენალტის დარტყმა და მეორე თამაშზე. ეს ხუთეული გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ფეხბურთია, ხდება. გელაშვილს ცხვირი გაუტყდა, სისხლდენა აქვს და საავადმყოფოში გადაიყვანენ, შემდეგ გვეცოდინება უფრო მეტი მის მდგომარეობაზე.
ოლიმპიადაზე გასვლის შანსი სანამ გვაქვს, გუნდი რჩება შეკრებაზე, ხვალინდელ შედეგებს ველოდებით, ბოლომდე მობილიზებული ვართ. მადლობას ვუხდი გულშემატკივარს, რომლებიც სტადიონზე მოდიოდნენ და მთლიანად საქართველოს, ვინც ვერ ახერხებდა სტადიონზე მოსვლას. ეს დღეები საკუთარ თავზე წარმოუდგენელი ემოცია გამოვცადეთ. ძალიან ბევრი ადამიანი გავახარეთ და მომავალშიც ვეცდებით, რომ გავახაროთ“





