რამაზ სვანაძე: “ეს თვალცრემლიანი ბიჭები უფრო მეტს იმსახურებდნენ”

0
36

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ რამაზ სვანაძეს მიაჩნია, რომ მისი შეგირდები უფრო მეტს იმსახურებდნენ. მან ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალში ებრაელ თანატოლებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ გაანცხადა. შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა.
რამაზ სვანაძე: “ახლა საუბარი ძალიან მიმძიმს, არ მინდა, რომ თამაშის დეტალებში შევიდე. სამწუხაროა, მაგრამ ფეხბურთის ნაწილია. ვფიქრობ, რომ ის ბიჭები, რომლებიც ახლა გასახდელში თვალცრემლიანი არიან, უფრო მეტს იმსახურებდნენ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბიჭები არიან ქართული ფეხბურთის მომავალი, მენტალურად სრულიად განსხვავებული თაობაა, მათი პროფესიონალიზმი იმედს მიტოვებს და თქვენც უნდა გქონდეთ მათი იმედი. მადლობა გადავუხადე ამ პერიოდისთვის, ამ დღეებისთვის, ამ ტურნირზე მონაწილეობა იყო დიდი პასუხისმგებლობა, დიდი ზეიმი და დიდი გამოწვევა. მადლობა ღმერთს, რომ ამ ყველაფრის მონაწილე ვიყავი.
ოლიმპიადაზე მოსახვედრად შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, დაველოდებით ხვალინდელ თამაშებს, ამიტომ შეკრებაზე ვრჩებით. იმედი მაქვს, რომ ამ ოცნების ასახდენად კიდევ ერთი შანსი მოგვეცემა. ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, მაგრამ დღეს პრობლემა იყო შეტევის დასკვნითი ფაზა, უფრო მეტი სითამამე უნდა გამოგვეჩინა. ეს იმითაა განპირობებული, რომ ზოგიერთ ფეხბურთელს 10 დღეში 5 მატჩის ჩატარება მოუწია, პირველ რიგში ფიზიკურად იყვნენ დაღლილები. მადლობა მათ ამ თავგანწირვისთვის, მადლობა ჩემს ჩემს სტაფს და ფედერაციას, ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. ეს მხოლოდ საწყისია, ამ თაობის იმედი ყოველთვის შეგიძლიათ ჰქონდეთ”.