საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ზურიკო დავითაშვილის განცხადებით, 1/4-ფინალში მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მიზანი ღირსეული თამაში. მან ამის შესახებ A ჯგუფის ბოლო ტურში ნიდერლანდებთან 1:1 დასრულებულ მატჩში ულამაზესი გოლის გატანის შემდეგ განაცხადა, რომლის წყალობით საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ზურიკო დავითაშვილი: “პირველ რიგში ყველას გილოცავთ. ძალიან რთულ ჯგუფში ვითამაშეთ და ბევრს არ სჯეროდა, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ ამ ჯგუფიდან გასვლა შეგვეძლო. რთული პირველი ტაიმი იყო, თუმცა ვიპოვეთ ძალები, რომელმაც ყველაფერი გადაგვალახინა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ამ გამარჯვებას ახლა დავივიწყებთ და მომდევნო მატჩზე დავიწყებთ ფიქრს, რადგან ჩვენი მიზანია მეოთხედფინალში ღირსეულად ვითამაშოთ იმის მიუხედავად, ვინ იქნება მეტოქე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს.
როდესაც ასეთ ტურნირზე გამოდიხარ, არანაირი განსხვავება არ არის ეროვნული ნაკრებია თუ ახალგაზრდული, ერთნაირად თამაშობ. გოლიც ისე აღვნიშნე, როგორც ეროვნულ ნაკრებში გატანილი. ამ ბიჭებთან ერთად ბავშვობიდან მოვდივარ, ჩემი ოჯახია და ვიცი, რა სამუშაო გასწიეს იმის საჩვენებლად, რაც ვაჩვენეთ“.





