ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-19 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
„ულსანმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, შინ „დეგუს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
ყაზაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 66-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა, პარტნიორის პასის შემდეგ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ერთი შეხებით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ულსანის“ ფეხბურთელის დარტყმის მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა და ყაზაიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
30 წლის ქართველმა მიმდინარე სეზონში „ულსანის“ მაისურით სამხრეთ კორეის პირველობაზე 18-ჯერ ითამშა და 10 გოლი გაიტანა. ის სამხრეთ კორეაში მესამე სეზონი გამოდის და ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. ყაზაიშვილმა თავის პირველ სეზონში 34 მატჩში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო, ხოლო შარშან 37 მატჩში 8 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





