საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თავის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი ურთულეს A ჯგუფშო, სადაც თავდაპირველად აუტსაიდერად მიიჩნეოდა, პირველ ადგილზე გავიდა.
ბოლო ტურში ქართველ 21-წლამდელებს ჯგუფის მოსაგებად ნიდერლანდების ძალიან კვალიციფიურ გუნდთან ქულაც ჰყოფნიდათ და დასახულ შედეგს მიაღწიეს.
განვლილ შეხვედრაში ფეხბურთის ღმერთებიც ჩვენს მხარეს იყვნენ და საქართველოს ნაკრებს ის მონდომება დაუფასდა, რომელსაც ჯგუფური ეტაპის თითოელ შეხვედრაში ავლენდა.
ნიდერლადებს ჯგუფიდან გასასვლელად ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდა და უკვე მე-4 წუთზე შეეძლო ანგარიშის გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ვან დერ ევიკმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ტეილორის თავურის მერე ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში იმავე ფრთიდან ეკელენკამპმა ზუსტი პასი გაუკეთა ტურნირის მასპიძნლების საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილ ტეილორს, რომლის თავით დარტყმული ბურთი ისევ გვერდით ძელს შეეხო.
მე-12 წუთზე მოედანზე ძაღლი შემოვარდა და თამაში მცირე ხნით შეწყდა, ვიდრე სტიუარდები ოთხფეხა ცხოველს სტადიონს გაარიდებდნენ.
საქართველოს ნაკრებმა პირველი შეტევა ტაიმის შუაწელში გაანხორციელა, როდესაც გიორგი გაგუამ ნიდერლანდელ მცველს ბურთი მისსავე მოედანზე აართვა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა არაზუსტად დაარტყა.
ამას გრავენბერხის იერიში მოჰყვა, რომელმაც შორი მანძილიდან ბურთი მოწინააღმდეგის კარისკენ გაგზავნა და მამარდაშვილმა დამაჯერებლად ითამაშა.25-ე წუთზე ჩვენი გუნდის კარს ისევ ტეილორი დაემუქრა და ბურთმა გვერდით ძელს ახლო ჩაუარა.
30-ე წუთზე კუთხურის გათამაშების მერე ძალიან აქტიური სამერვილი საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მის მიერ დარტყმული ბურთი ბადეს გარედან მოხვდა.
42-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა ბურთი ნიდერლანდელთა ნახევარზე მიიღო, დიაგონალზე ირბინა და გზად ხუთ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ, მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.
ტაიმისთვის დამატებული მე-5 წუთი გასული იყო, მაგრამ მსაჯმა პირველი ნახევარი არ დაასრულა და ნიდერლანდელების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ჩვენს საჯარიმოში შექმნილი არეულობით ტეილორმა ისარგებლა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა. მსაჯმა როგორც იტყვიან ნიდერლანდები გოლის გატანამდე ათამაშა.
მეორე ტაიმში ნიდერლანდები ბურთს ისევ ფლობდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების კართან რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. მატჩის მიწურულს ნიდერლანდების შესრულებული სტანდარტულის დროს შეტევაში მათი მეკარეც ჩაერთო, მაგრამ უშედეგოდ, ხოლო მცველი მოგერიებული ბურთი გიორგი გოჩოლეიშვილს მიუვიდა, რომელმაც შორი მანძილიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. არადა, მას შეტევის სხვაგვარად განვითარება და გიორგი გულიაშვილისთვის პასის მიცემაც შეეძლო, რომ ასპროცენტიანი საგოლე მომენტი საქართველოს ნაკრებს უკეთესად გამოეყენებინა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დავითაშვილი დაასახელეს. შეხვედრას 43043 გულშემატკივარი დაესწრო და ბელგიასთან დაპირისპირებაში დამყარებული რეკორდი გაუმჯობესდა.
პარალელურად „მიხეილ მესხზე“ მიმდინარე თამაშში პორტუგალიამ ბელგიას 2:1 აჯობა და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრები 1 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩეხეთს, ისრაელს ან გერმანიას შეხვდება. თავდაპირველად ეს მატჩი “მიხეილ მესხზე” უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უეფამ გადაწყვეტილება შეცვალა და სვანაძის გუნდი ისევ “დინამო არენაზე” იასპარეზებს.
ნიდერლანდები -საქართველო 1:1 (1:1)
27 ივნისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო“ არენა.
ნიდერლანდები: ვერბუგენი; ვან დერ ევიკი (მანჰოფი 83), ვან ჰეცკე, ვან დე ვენი; ბურგერი (დალინგა 75), ტეილორი, გრავენბერხი, ჰარტმანი (მაატესენი 83); ეკელენკამპი (ტავსანი 75), ბრობი (ზირკზეე 21), სამერვილი
მთავარი მწვრთნელი: ერვინ ვან დერ ლოი
საქართველო: მამარდაშვილი; საზონოვი, გელაშვილი, კალანდაძე; გოჩოლეიშვილი, ლომინაძე (ლ. გაგნიძე), მექვაბიშვილი, აზაროვი; წიტაიშვილი (ხვადაგიანი 58), დავითაშვილი (მამაგეიშვილი 90); გაგუა (გულიაშვილი 79)
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: გოლები: 0:1 დავითაშვილი (42), 1:1 ტეილორი (45+6)
გაფრთხილება: ლომინაძე (45), მექვაბიშვილი (45), დავითაშვილი (90)
მთავარი მსაჯი: რადე ობრენოვიჩი (სლოვენია)
| 1. | საქართველო U21 | 3 | 1 | 2 | 0 | 5 | 3 | 2 | 5 |
| 2. | პორტუგალია U21 | 3 | 1 | 1 | 1 | 3 | 4 | -1 | 4 |
| 3. | ნიდერლანდები U21 | 3 | 0 | 3 | 0 | 2 | 2 | 0 | 3 |
| 4. | ბელგია U21 | 3 | 0 | 2 | 1 | 3 | 4 | -1 | 2 |
ლაშა თაბაგარი





