ნიდერლანდების 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელ ერვინ ვან დერ ლოის მიაჩნია, რომ საგოლე მომენტები უკეთესად უნდა გამოიყენონ, რაც მანამდე ევროპის ჩემპიონატზე ჩატარებულ ორ მატჩში ვერ მოახერხეს. მან ამის შესახებ ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ხვალ საქართველოსთან გასამართ ბოლო მატჩამდე პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
ერვინ ვან დერ ლოი: “შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ, რადგან ჯერ ფეხბურთელების კონდიციები უნდა ვნახოთ. რთული გრაფიკის გამო ყოველთვის შეიძლება იყოს გუნდში ფეხბურთელი, რომელსაც გარკვეული პრობლემა უჩნდება. თუმცა, ხვალინდელი შეხვედრისთვის სასტარტო შემადგენლობა მზად იქნება. ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს, ამიტომ სწორი ენერგიით უნდა ვითამაშოთ, თან საქართველოს დიდი მხარდაჭერა ექნება.
სავსე სტადიონზე რთულია მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის კომუნიკაცია, მაგრამ ამ ტურნირზე იმიტომ ვართ, რომ საუკეთესო გუნდებთან საუკეთესო ატმოსფეროში ვითამაშოთ. ჩვენთვის კი ამ ევროპის ჩემპიონატზე ეს იქნება პირველი თამაში მსგავს ატმოსფეროში, რაც სასიამოვნოა.
წინა ორ ტურში ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა, ჩვენი სტილი ვაჩვენებთ, დომინანტები ვიყავით, მაგრამ მოედნის ბოლო 20-30 მეტრში მოქმედება გვიჭირდა და ეს აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ, რადგან მხოლოდ 1 გოლი გავიტანეთ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სწორედ ამ ასპექტის აუცილებლად გაუმჯობესება გვჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს შეგვიძლია, რადგან ამ მხრივ მანამდე პრობლემა არ გვქონია. მიუხედავად იმისა, რომ წინა ორ თამაშში შეტევის დასრულების მხრივ სისუსტეები აშკარად გვქონდა”.
პრეკოსნფერენციას მთავარ მწვრთნელთან ერთად ნიდერლანდების ნაკრების მცველი ქილინდში ჰარტმანი დაესწრო, რომელსაც მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების დამარცხება შეუძლიათ.
“ინა შეხვედრებში მომენტების გამოყენების პრობლემა გვქონდა. ორივე თამაშში უკეთესი გუნდი ვიყავით, თუმცა მომენტების გამოყენება გვიჭირდა და ეს კომპონენტი უნდა გავაუმჯობესოთ. თუ ამას მოვახერხებთ, ჩემი აზრით, კარგი შანსი გვექნება და კარგად ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ არ უნდა შეგვეშინდეს, კარგი ხარისხით უნდა ვითამაშოთ და ასეთ შემთხვევაში კარგი შანსი გვექნება.
ტურნირის წინ ალბათ, არ ველოდით, რომ საქართველო ორი ტურის შემდეგ ლიდერი იქნებოდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრის ფაქტორი, ყველანი ერთად ჰიმნს მღერიან, რაც ფეხბურთელებს ეხმარება. საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგი შედეგი აქვს, თუმცა უნდა ვაჩვენოთ, რომ უკეთესი გუნდი ვართ, უნდა მოვიგოთ და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია“- თქვა ჰარტმანმა.





