დავითაშვილის „ბორდოს“ წაგება ჩაეთვალა – მიქაუტაძემ ლიგა 1 გაინაღდა

0
28

საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა „ბორდოს“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის ლიგა 2-ის ბოლო ტურში „როდეზთან“ ჩატარებულ მატჩში ტექნიკური მარცხი 0:3 ჩაუთვალა.
2 ივნისს გამართული შეხვედრა მას მერე შეწყდა, რაც ჟირონდელთა გულშემატკივარმა „როდეზის“ ფეხბურთელ ბიუადეს, რომელმაც ანგარიში გახსნა, ხელი გულ-მკერდში ძლიერად ჰკრა და წააქცია.
„ბორდოს“ წაგება იმის საფუძველზე ჩაეთვალა, რომ გულშემატკივარმა წინასწარი განძრახვით მიაყენა დაზიანება ფეხბურთელს. გარდა ამისა, „ბორდოს“ მომავალი სეზონისთვის ერთი ქულა დააკლეს და დავითაშვილის გუნდი ორ საშინაო შეხვედრას გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს. ამასთანავე, კიდევ ორ შეხვედრაში „ბორდოს“ საშინაო სტადიონ „მატმიუტ ატლანტიკზე“ სამხრეთ სექტორში გულშემატკივრები არ დაიშვებიან.
„ბორდო“ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას საფრანგეთის სპორტულ სადისციპლინო სასამართლოში გაასაჩივრებს.
„ბორდოსთვის“ მარცხის ჩათვლის გამო, „მეცმა“, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე გავიდა, მომავალ სეზონში ლიგა 1-ში თამაში ოფიციალურად გაინაღდა. მიქაუტაძემ განვლილ სეზონში ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. ის ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა. ასევე, გულშემატკივრებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი „მეცის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ დავითაშვილი „ბორდოში“ ბათუმის „დინამოდანაა“ განათხოვრებული.

ლაშა თაბაგარი