ფრანკფურტის „აინტრახტს“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსთავკაცის კლაუს ტოპმიოლერის შვილი დინო ტოპმიოლერი გაწვრთნის. ამის შესახებ ფრანკფურტული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.
42 წლის გერმანელმა სპეციალისტმა ოლივერ გლასნერი შეცვალა, რომელმაც შარშან გუნდს ევროპა ლიგა მოაგებინა, ხოლო წელს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გაიყვანა.
დინო ტოპმიოლერმა „აინტრახტთან“ კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გასულ სეზონში, ის მიუნხენის „ბაიერნში“ იულიან ნაგელსმანის თანაშემწე იყო. შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი მიმდინარე წლის მარტში თომას ტუხელმა შეცვალა.
მანამდე, უმცროსი ტოპმიოლერი ნაგელსმანს „ლაიფციგში“ ეხმარებოდა. გარდა ამისა, ის 2016-2019 წლებში ლუქსემბურგის „დუდელანჟს“ ავარჯიშებდა, რომელშიც ლევენა ყენია გამოდიოდა. მისი ხელმძღვანელობით „დუდელანჟმა“ არსებობის ისტორიაში პირველად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
„აინტრახტმა“ განვლილ სეზონში გერმანიის ბუნდესლიგაში მე-7 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა.





