ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეა, – ინფორმაცია იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.
ქართველი მოთამაშე ლიგის ოფიციალურმა გვერდმა არც ერთ სხვა ნომინაციაში არ წარადგინა, რაც მინიშნება იყო, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებდნენ.
ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ-5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ის სერია A-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც სეზონის განმავლობაში თვის საუკეთესო მოთამაშედ 3-ჯერ აღიარეს. ბუნებრივია, რომ კვარაცხელია სერია A-ს სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
“კვარაცხელიას გავლენა ლიგაში ძალიან შთამბეჭდავი იყო თავისი ინდივიდუალობით და კრეატიულობით. 12 გოლით და 12 გადაცემით კვარაცხელია “ნაპოლის” საუკეთესო მოთამაშე იყო, რომელმაც “სკუდეტო” მოიგო და ბევრს გულშემატკივარსა და ლამაზი ფეხბურთის მოყვარულს ოცნება აუხდინა” – განაცხადა სერია A-ს დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
სეზონის საუკეთესო მოთამაშევStats Perform-ს გაფართოებული ანალიზის საფუძველზე შეირჩა, რომელიც შექმნილია მონაცემების საფუძველზე რაც Hawk-Eye-ის სისტემის დახმარებითაა ჩაწერილი. რეიტინგული სისტემა, რომელიც K-Sport-მა 2010 წელს დააპატენტა და მეცნიერულად დადასტურებულია, არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ მონაცემებს ითვალისწინებს, არამედ, პოზიციურ მონაცემებსაც. ეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზებას იძლევა, როგორიც უბურთოდ მოძრაობა და შესაბამისად ოპტიმალური მოძრაობაა, პოზიციის შერჩევა, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში წვლილის შეტანა, რაც შედეგის ობიექტურად და ხარისხიანად შეფასების საშუალებას იძლევა” – იუწყება სერია A-ს ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი





