კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურის დასკვნითი შეხვედრა გორში შედგა, სადაც ადგილობროვი „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა და ისეთ დღეში ჩააგდო, რიონისპირელები ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ.
მატჩის 42-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0.
46-ე წუთზე სენეგალელმა ონორე გომისმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ნიკა გაგნიძემ თავით გაიტანა – 2:0. 59-ე წუთზე ბარბადოსელი ტიერი გეილი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ორ ქუთაისელს გაცდა და „ცხრიანში“ გაიტანა – 3:0.
70-ე წუთზე გეილმა ინდივიდუალურად ისევ კარგად ითამაშა და საჯარიმოში შესულმა ამჯერად „ცაციათი“ გაიტანა.
83-ე წუთზე კარიდან გამოსულმა ოთო გოშაძემ ბურთი აუტზე გადააგდო, მაგრამ კარში დაბრუნება ვერ მოასწრო და გიორგი გაფრინდაშვილის გადაცემის შემდეგ, გიორგი ცეცხლაძემ ეფექტური გოლი გაიტანა – „ტორპედოს“ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 5:0.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი „დილა“ 17 ქულით მეხუთეა, ხოლო კახა ჩხეტიანის თავკაცობით „ტორპედო“ 16 ქულით მეექვსეა.
გია ჭიაბრიშვილის დამოძღვრილმა თბილისის „დინამომ“ ზედიზედ 2 თამაშის წაგების მერე, სტუმრად „სამტრედია“ დაამარცხა.
34-ე წუთზე ნიდერლანდელმა იმრანმა ძალიან კარგად შეაყოლა მასპინძლების საჯარიმოში ბურთი სერბა ზორან მარუშიჩს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.
58-ე წუთზე ბრაზილიელმა ვაგნერ გონსალვესმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და მარუშიჩმა თავით ზუსტად დაარტყა – 0:2. სერბი 5 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში ბათუმელთა ბრაზილიელ ფორვარდ ჯოვინო ფლამარიონს გაუტოლდა.
„დინამო“ 23 ქულით მეორეა და ლიდერ ბათუმელებს 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო „სამტრედია“ 7 ქულით მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი




