კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის მეორე სათამაშო დღეს ბათუმის „დინამო“ ნომინალური სტუმრის რანგში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისას ბაზაზე ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და 3 ქულის აღება არ გაჭირვებია.
38-ე წუთზე მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ჯოვინო ფლამარიონი ოთხმა მეტოქემ ვერ შეაჩერა და ეფექტური გოლი გაიტანა – 0:1.
52-ე წუთზე კარიდან გამოსულმა ლუკა ხარატიშვილმა მასთან პირისპირ გასული სამხრეთ აფრიკელი ფორვარდი ბენრუ მზაკვალი წააქცია და მთავარი მსაჯის გიორგი ყრუაშვილის დანიშნული პენალტი ზუსტად ცოტნე ფაცაციამ შეასრულა – 1:1.
68-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც გიორგი ზარიამ თავით ბურთი კარში გადაგზავნა – 1:2.
82-ე წუთზე შეხვედრაში საბოლოო წერტილი თორნიკე კაპანაძემ დასვა, რომელმაც პაატა ღუდუშაურის გადაცემა გამოიყენა – 1:3.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა ბათუმის „დინამომ“ 24 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზე მყოფმ თბილისის „დინამოს“ 4 ქულით გაასწრო. უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობიტ „შუქურას“ 6 ქულა აქვს და ბოლოსწინაა.
ჩრდილოეთ მაკედონიელი მთავარი მწვრთნელის დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიამ“ პირველი მატჩი მოიგო, ბალკანელი სპეციალისტის შეგირდებმა სტუმრად „თელავი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე რუსეთის მოქალაქე აბდულა ხაიბულაევმა გაიტანა, როდესაც ნიკა ნოზაძემ თავის საჯარიმოსთან ახლოს ბურთს ფეხი ააცილა და მეკარესტან პირისპირ დარჩენილმა თავისი შანსი გამოიყენა – 0;1.
„სამტრედია“ 7 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო სომეხი ვარდან მინასიანის გაწვრთნილი თელავი 6 ქულით ბოლოა.
გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო. ამჯერად, წყალტუბოელებმა ზესტაფონში „გაგრა“ მიიღეს და ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.
78-ე წუთზე ბრაზილიელმა ჯეფინიომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ომარ პატარკაციშვილმა თავით პასი გიორგი ნიქაბაძეს გაუკეთა, რომლის პირველი დარტყმული უკრაინელმა ოლექსანდრ ვორობეიმ მოიგერია, მაგრამ „სამგურალის“ ფორვარდის ხელმეორე დარტყმასთან ვერაფერი გააწყო.
„სამგურალმა“ 19 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე დაბრუნდა, ხოლო გაგა კირკიტაძის „გაგრა“ 8 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი




