მილანის „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში სტუმრად ლისაბონის „ბენფიკას“ 2:0 დამარცხების შემდეგ, საშინაო შეხვედრაში პორტუგალიელებთან უხვგოლიანი ფრე ითამაშა და 1/2-ფინალში გავიდა.
მე-14 წუთზე ნიკოლა ბარელამ მეტოქის საჯარიმოში ერთი მცველი ცრუ მოძრრაობით ჩამოიცილა და მარცხენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.
38-ე წუთზე რაფა სილმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში გახსნილი ნორვეგიის ნაკრების ნახევარმცველი აურსენსი მოძებნა, რომელმაც თავურით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
65-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა დი მარკო პასი კარის წინ მდგომ ლაუტარო მარტინესს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:1.
78-ე წუთზე ხოაკინ კორეამ ლისაბონელთა საჯარიმოში გვერდი ერთ მოწინააღმდეგეს აუარა და ბურთი შორეულ კუთხეში „მოჭრა“ – 3:1.
86-ე წუთზე გრიმალდომ საჯარიმო დარტყმის შესრულების დრო ბურთი მილანელთა კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას ანტონიო სილვამ აჯობა და თავით გაიტანა – 2:3.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გრიმალდო მარცხენა ფრთაზე „ინტერის“ მცველს გაექცა და საჯარიმოში მისი ჩაწოდების შემდეგ პეტარ მუსამ ანგარიში გაათანაბრა – 3:3.
2010 წლის შემდეგ პირველად „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა. მაშინ, მილანელებმა ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
„ინტერი“ 1/2-ფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება. პირველი თამაში 10 მაისს შედგება, ხოლო საპასუხო – 16 მაისს.
ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში მეორედ ნახევარფინალში იტალიური გუნდები შეხვდებიან. 2003 წელს ერთმანეთს ასევე „ინტერი“ და „მილანი“ შეხვდნენ. ორივე მატჩი ფრედ დასრულდა – 0:0 და 1:1, ხოლო „მილანი“ შემდეგ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა.
ლაშა თაბაგარი





