გიორგი ჩაკვეტაძემ ბრატისლავას „სლოვანის“ მაისურით ოფიციალურ მატჩებში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
სლოვაკეთის ჩემპიონობისთვის მებრძოლი ბრატისლაველები შინ „ბანსკა ბისტრიცას“ დაუპირისპირდნენ და 4:0 გაანადგურეს.
მატჩის 35-ე წუთზე ანგარიში ჯაბა კანკავამ გახსნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ლუკას ლოვალის შესრულებული ჯარიმის შემდეგ ბურთი თავით ზუსტად დაარტყა. მან ამ სეზონში თავი პირველად გამოიჩინა და ასევე წინა სეზონშიც ერთი გოლი გაიტანა. 56-ე წუთზე მეტოქის კარი გავრიჩმა აიღო, ხოლო სამ წუთში თავი უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა გამოიჩინა.
73-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, გზად ორ მეტოქეს გაცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
კანკავამ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ მოედანი 78-ე წუთზე დატოვა.
„სლოვანს“ 57 ქულა აქვს და ლიდერ „დუნაისკა სტრედას“ 3 ქულით ჩამორჩება.

ლაშა თაბაგარი




