მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის თასის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრაში „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ 4 უპასუხო ბურთი გაუტანა და ფინალში „ოსასუნას“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ პირველი თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 1:0 მოიგო.
მადრიდელებიდან პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ანგარიში ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შესულმა დაარტყა – 0:1. 50-ე წუთზე, ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ერთ მეტოქეს გაექცა და „ბარსას“ საჯარიმოში ქარიმ ბენზემა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:2.
58-ე წუთზე, ფრანკ კესიემ თავის საჯარიმოში ვინისიუსი წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ბენზემამ გამოიყენა – 0:3.
მე-80 წუთზე ვინისიუსმა შეტევა წამოიწყო და კარგი გადაცემით „ბარსას“ მეკარე პირისპირ ბენზემა შეატოვა, რომელმაც მესამე გოლი გაიტანა – 0:4.
ფრანგი თავდამსხმელი ბოლო 28 წლის მანძილზე „რეალის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „ელ კლასიკოში“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ბენზემამდე ბოლო ეს ჩილელმა ივან სამორანომ 1995 წლის 7 იანვარს მოახერხა.
გარდა ამისა, ბენზემა უნგრელი ფერენც პუშკაშის შემდეგ პირველი მოთამაშეა, ვინც „კამ ნოუზე“ ერთ მატჩში 3 გოლი გაიტანა. ლეგენდარულმა პუშკაშმა ასეთი რამ 1963 წლის 27 იანვარს შეძლო,
„რეალმა“ ოთხბურთიანი სხვაობით „ბარსელონა“ 1995 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა, ხოლო „კამ ნოუზე“ ეს 1963 წლის მერე პირველად მოახერხა. 1995 წლის 7 იანვარს „რეალმა“ 5:0 გაიმარჯვა, 1963 წლის 27 იანვარს კი – 5:1.
„რეალი“ ბოლო 9 წლის მანძილზე ესპანეთის თასის ფინალში პირველად გავიდა – 2014 წელს მადრიდელებმა გადამწყვეტ მატჩში „ბარსელონას“ 2:1 მოუგეს.
„რეალმა“ ბოლო 4 შეხვედრაში „ბარსა“ პირველად დაამარცხა, მანამდე კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა გუნდმა ხავის შეგირდებთან 3-ჯერ წააგო.
ბენზემა 43 მატჩსი გატანილი 16 გოლით „ელ კლასიკოს“ ისტორიაში მე-4 ბომბარდირია. ამასთანავე ფრანგმა 11 საგოლე პასი გააკეთა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ არგენტინელ ლიონელ მესის ჩამორჩება.
„ელ კლასიკოს“ ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ლიონელ მესია (26 ბურთი), მეორე-მესამე ადგილს კრიშტიანუ რონალდუ და ალფრედო დი სტეფანო იყოფენ – 18-18 ბურთით.
ლაშა თაბაგარი




