საქებარის მაქებარი – ჯამლეთ ხუხაშვილი გარდაიცვალა

0
102
????????????????????????????????????

რამდენიმე წლის წინათ ჯამლეთ ხუხაშვილის ინტერვიუ წავიკითხე. მასთან დიალოგი არმაზ სანებლიძეს მიჰყავდა და მის კითხვას კომენტატორის რაობაზე ბატონმა ჯამლეთმა ასე უპასუხა – ბავშვობაში დედამ მითხრა “საქებარს მაქებარი რომ არ ჰყავდეს, უქებარი დარჩება”. დაახლოებით 55 წელიწადი ჯამლეთ ხუხაშვილი მშობლის ამ დარიგებას თუ შეგონებას პირნათლად ასრულებდა, ქართული სპორტისა და მთლიანად ყოველი ქართული საქმის სამსახურში ჩამდგარი, მიკროფონის მეშვეობით ყველას დამსახურებისამებრ საკადრისს უზღავდა და ოპტიმისტური ნოტით გაჯერებული რეპორტაჟებით გულშემატკივარს სამომავლო გამარჯვებების იმედით აღავსებდა.
მართლაც რომ იშვიათია ბატონი ჯამლეთის დარი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ახალგაზრდობაში ერთდროულად სპორტის რამდენიმე სახეობას მისდევდა და ყველა მათგანში წარმატებული გახლდათ. თავად განსაჯეთ, თავისუფალ ჭიდაობასა და ფეხბურთში მოსწავლეთა შორის თბილისის ჩემპიონი გახდა, კარგად ცურავდა და თამაშობდა მაგიდის ჩოგბურთს, ხელბურთში კი იმ დიდი გუნდის წევრი გახლდათ, რომელიც საკავშირო პირველობებს იგებდა და პრიზიორი ხდებოდა. ცხადია, აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ბატონი ჯამლეთი საყვარელი საქმის სამსახურში უნდა დარჩენილიყო და მან კომენტატორის საინტერესო და ამავდროულად რთული პროფესია აირჩია. ეს 55 წლის წინათ მოხდა და მას შემდეგ მოყოლებული ჯამლეთ ხუხაშვილის ხმა ნაცნობი და საყვარელი მთელი ქართველი საზოგადოებისთვის გახდა. დაუღლელ, ენერგიულ ჟურნალისტს რეპორტაჟები საქართველოს პრაქტიკულად ყველა ქალაქიდან წაუყვანია, ტელეეკრანებთან და რადიომიმღებებთან მიჯაჭვულებს ჯამლეთ ხუხაშვილის ხმა გვესმოდა მოსკოვიდან, კიევიდან, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დედაქალაქებიდან. მას ერთნაირად პროფესიულად და ემოციურად მიჰყავდა არა მარტო საფეხბურთო და საკალათბურთო ბატალიები, სპორტის სხვა სახეობების რეპორტაჟებსაც მსმენელისთვის მიმზიდველად უძღვებოდა.
განსაკუთრებით უნდა გავუსვათ ხაზი ბატონი ჯამლეთის მოღვაწეობას საკალათბურთო მწვრთნელის რანგში. იგი ჩვენი ეროვნული ნაკრების პირველი უფროსია (დღევანდელ ენაზე თუ ვიტყვით, მენეჯერი), მის მიერ დამოძღვრილმა “მაკაბიმ” კი არაერთი მაღალი კლასის მოთამაშე აღუზარდა ქართულ კალათბურთს. მისი აღზრდილებიდან მხოლოდ ორი მოთამაშის დასახელებაც კმარა. ვლადიმერ სტეფანია (პირველი საკალათბურთო ნაბიჯები სწორედ ბატონი ჯამლეთის მეთვალყურეობით გადადგა) პირველი ჩვენი თანამემამულეა, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა, გიორგი შერმადინმა კი ორჯერ მოიგო კონტინენტის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ევროლიგა. ჯამლეთ ხუხაშვილი თამამად შეგვიძლია ისეთი ქართველი საკალათბურთო მწვრთნელ-კორიფეების გვერდით მოვიხსენიოთ, როგორებიც გიორგი ავალიშვილი და სულიკო თორთლაძე არიან.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კოტე მახარაძის ყოველწლიური პრემია დააარსა. ჯილდოს პირველი ლაურეატი ჯამლეთ ხუხაშვილი გახდა, რომელმაც ფულადი პრიზი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის ფონდში გადარიცხა.
სამწუხაროდ, ამიერიდან ლეგენდარული კომენტატორისა და მწვრთნელის მოხსენიება წარსულის დროით მოგვიწევს – უკურნებელმა სენმა ჯამლეთ ხუხაშვილს სიცოცხლე მოუსწრაფა…

 

გოჩა კაჭარავა