„ნაპოლი“ 2000 წლის შემდეგ თავის მოედანზე ყველაზე მწარედ დამარცხდა. ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილი გუნდი სერია A-ს 28-ე ტურსი „დიეგო მარადონაზე“ მოქმედ ჩემპიონ „მილანს“ შეხვდა და 0:4 წააგო. შეხვედრის დაწყებამდე ხვიჩა კვარაცხელიას მარტის თვის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი მიიღო. ის სერია A-ს ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში თვის გამორჩეული ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო მესამედ დაიმსახურა.
„მილანმა“ მეტოქეს ყველა ასპექტში აჯობა და განსაკუთრებით მაღალ დონეზე პორტუგალიის ნაკრების მარცხენა გარემარბმა რაფაელ ლეაომ ითამაშა, რომელიც თავის ქართველ ვიზავისთვის შედარებით აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა.
შეხვედრის მე-17 წუთზე მილანელებმა მოედნის ცენტრში მასპინძლების შეტევა ჩაშალეს და ბრაჰიმ დიასის კარგი გადაცემის მერე რაფაელ ლეაომ კარიდან წინ გამოსულ მერეტს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 0:1.
29-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ბენასერის ჩაწოდების შემდეგ ბრაჰიმ დიასმა ნეაპოლელთა საჯარიმოში ბურთი მიიღო და ზუსტად დაარტყა – 0:2. 59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი რაფაელ ლეაო რაჰმანის გაცდა და შორეულ კუთხეში გაიტანა – 0:3.
67-ე წუთზე მინი-შედევრი შექმნა სალემაეკერსმა, რომელმაც გვერდი „ნაპოლის“ ოთხ ფეხბურთელს აუარა და ანგარიშში სხვაობა ოტხ ბურთამდე გაზარდა.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და ტრადიციულად აქტიური იყო. ერთ ეპიზოდიში მისი ზუსტი პასის შემდეგ მარიოს რუის გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მეკარემ აუღო. თუმცა, ქართველს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და ნეაპოლელებს ტრავმირებული ვიქტორ ოსიმენის არყოფნაც ძალიან დაეტყოთ. თამაშის შემდეგ რაფაელ ლეაო კვარაცხელიასთან მივიდა და მაისური გაუცვალა. პორტუგალიელის თქმით, ხვიჩას თამაში მოსწონს და გულშემატკივრობს, რის გამო მაისურის გაცვლა შესთავაზა.
„ნაპოლი“ „მილანთან“ შეხვდრამდე შინ ბოლოს 4 ან მეტი ბურთის სხვაობით 2000 წელს დამარცხდა – 1:5 „ბოლონიასთან“.
გარდა ამისა, სერია A-ში „როსონერისთან“ დაპირისპირებამდე ნეაპოლელებმა ამგვარი სხვაობით ბოლოს 2007 წლის 2 დეკემბერს წააგეს – გასვლაზე ბერგამოს „ატალანტასთან“ 1:5.
„ნაპოლი“ 71 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ რომის „ლაციოს“ 16 ქულით ასწრებს.

ლაშა თაბაგარი





