ხოჭოლავამ ოპერაცია არ გაიკეთა და „კოპენჰაგენში“ ითამაშა

0
76

დავით ხოჭოლავამ მარტში საქართველოს ნაკრებში მატჩები იმიტომ გამოტოვა, რომ მუხლის მენისკი აწუხებდა და ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. თუმცა, ის ჯერჯერობით ქირურგიულ მაგიდაზე არ დაწოლია და „კოპენჰაგენის“ შემადგენლობაში დანიის სუპერლიგის ზედა ექვსეულში შინ „ნორსიელანდთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. ფეხბურთელის თქმით, კლუბის ხელმძღვანელებმა თხოვეს, რომ მუხლის სახსარში გამაყუჩებელი გაეკეთებინა და მოედანზე ისე გასულიყო, რადგან გუნდს სჭირდებოდა. უახლოესი მომავალი გვაჩვენებს ხოჭოლავას ჯანრმთელობის მდგომარეობა როგორი იქნება. ამასობაში, მოქმედი ჩემპიონი „კოპენჰაგენი“, რომელმაც სეზონი არცთუ კარგად დაიწყო და მწვრთნელიც შეეცვალა, 45 ქულით გალიდერდა.
ჩემპიონობისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა სლოვაკეთშიც, სადაც გუნდები ასევე ზედა და ქვედა ექვშეულებში გადანაწილდნენ. „სლოვანმა“, სადაც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის, სტუმრად ტრნავის „სპარტაკს“ შეხვდა და გუნდები გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. ბრატისლაველებში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფმა გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე დატოვა. „სლოვანი“ 51 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „დუნაისკა სტრედას“ 6 ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი