ვალერიან გვილია, რომელმაც მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს „რაკუვთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, ვარშავის „ლეგიაში“ ივარჯიშებს.
პოლონური კლუბის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მომავალი სამშაბათიდან „ლეგიაში“ წვრთნას შეუდგება. ვარშაველები 28 წლის ფეხბურთელს, რომელიც მუხლის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცესს გადის, ოპტიმალური სათამაშო ფორმის დაბრუნებაში დაეხმარებიან.
გვილია „ლეგიაში“ 2019-2021 წლებში გამოდიოდა და პოლონეთის ჩემპიონატის ოქროს მედლები ორჯერ მოიგო. მან 71 მატჩში 11 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
„ლეგიას“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გვილია 2020 წელს, როდესაც ვარშაველები არსებობის ისტორიაში ჩემპიონები მეთხუთმეტედ გახდნენ, გუნდის ცენტრალური ფიგურა იყო.




