პოზნანის „ლეხმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი და გარემარბი გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, პოლონეთის ექსტრაკლასას 25-ე რაუნდში სტუმრად ლოძის „ვიძევთან“ 2:1 გაიმარჯვა.
ამპლუით ნახევარმცველი კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, ხოლო 73-ე წუთზე მარჩვინსკის საგოლე პასი გაუკეთა. „ლეხიდან“ მეორე გოლი 78-ე წუთზე ველდემ გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
შეგახსენებთ, რომ კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად შვედეთის „დურგარდენთან“ კვეკვესკირმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა. წიტაიშვილი პოზნანელთა განაცხადში არ იყო და ამის მიზეზი ტრავმაა. მოქმედი ჩემპიონი „ლეხი“ 43 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა და ლიდერ „რაკუვს“ 18 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ „ლეგიას“ – 9 ქულით.
სერბეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში „ცრვენა ზვეზდამ“ გასვლაზე „ნაპრედაკთან“ 1:1 ითამაშა. ბელგრადელებში საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა. ის გასულ ზაფხულში სერბულ კლუბში გადასვლის მერე სასტარტოში მეხუთედ მოხვდა. მოქმედი ჩემპიონი „ცრვენა ზვეზდა“ 73 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატის ლიდერია.
ბრატისლავას “სლოვანმა” სლოვაკეთის ჩემპიონატი ზედა ექვსეულში მე-2 ტური ჩაატარა და გასვლაზე “პოდბერეზოვას” 2:1 აჯობა. გამარჯვებულებში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს. გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო. მოქმედ ჩემპიონ “სლოვანს” 50 ქულა აქვს და ლიდერ “დუნაისკა სტრედას” 4 ქულით ჩამორჩება.





