ლებრონს კარიმ აბდულ ჯაბარმა მიულოცა
ლებრონ ჯეიმსი NBA-ის რეგულარული სეზონის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა, კარიმ აბდულ ჯაბარის მიღწევა – 38 387 ქულა – გააუმჯობესა!
ისტორია დაიწერა ლოს ანჯელესში, “ლეიკერსის” “ოკლაჰომა სითი თანდერთან” თამაშის მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე – მეფის ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და ლეიკერსის მეექვსე ნომერიც ლიგის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა – 38 388 ქულა!
რეკორდის გამო მატჩი დროებით შეწყდა, დარბაზში შეკრებილი ხალხი ფეხზე წამოდგა, ლებრონს ისტორიული ამბავი პირველებმა დედამ, მეუღლემ და შვილებმა მიულოცეს, შემდეგ კი კარიმ აბდულ ჯაბარმაც შეაბიჯა მოედანზე.
“რეკორდი თითქმის 40 წელს შენარჩუნდა. ბევრი ფიქრობდა, რომ მისი მოხსნა შეუძლებელი იყო. ლებრონ, შენ NBA-ს ისტორიის საუკეთესო მექულე ხარ, გილოცავ”, – განაცხადა ლიგის კომისარმა ადამ სილვერმა.
შეგახსენებთ, რომ აბდულ ჯაბარის რეკორდის მოსახსნელად ლებრონს 36 ქულის დაგროვება სჭირდებოდა “ოკლაჰომას” წინააღმდეგ. ჯეიმსმა შეხვედრა 38 ქულით დაასრულა, თუმცა “ლეიკერსმა” მატჩი მაინც წააგო 130:133.
ნბა-ს ყველა დროის საუკეთესო მექულეთა ტოპხუთეული ასე გამოიყურება:
1. ლებრონ ჯეიმსი – 38 390 ქულა
2. ქარიმ აბდულ ჯაბარი – 38 387
3. კარლ მელოუნი – 36 928
4. კობი ბრაიანტი – 33 643
5. მაიკლ ჯორდანი – 32 292



